გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 7ლკ. 22:1–39 · დას. 108

დღის საკითხავები

დიდი ხუთშაბათი

ლკ. 22:1–39 · დას. 108 · იერ. 11:18–23; 12:1–5, 9–11, 14–15 · 1 კორ. 11:23–32 · დას. 149 · მთ. 26:1–20 · დას. 107; ინ. 13:3–17 · დას. 44; მთ. 26:21–39 · დას. 108; ლკ. 22:43–45 · დას. 109; მთ. 26:40 – 27:2 · დას. 108 · გამ. 19:10–19 · იობ. 38:1–23; 42:1–5 · ეს. 50:4–11

17 აპრილი 2025ხმა 1

დღის ხსენებანი (1)
  • დიდი ხუთშაბათი
ამ დღის ყველა ხსენება saint.ge-ზე
მკითხველი

ლკ. 22:1–39 · დას. 108

რიგისა

22:1 და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ.

2 და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.

3 და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა.

4 და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ.

5 ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად.

6 და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.

7 მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად.

8 და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქაჲ, რაჲთა ვჭამოთ.

9 ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ?

10 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს.

11 და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?

12 და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.

13 და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.

14 და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა.

15 და ჰრქუა მათ: გულის-სიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.

16 ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა.

17 და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა.

18 ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს.

19 და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა.

20 ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული.

21 ხოლო აჰა ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა ზედა.

22 ძე სამე კაცისაჲ, მსგავსად განჩინებულისა მისისა, წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!

23 და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას: ვინ-მე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად?

24 და იყო ცილობაჲცა მათ შორის, ვითარმედ: ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის?

25 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუნ მათ ზედა, ქველის-მოქმედ ჰრქჳან.

26 ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი ვითარცა მსახური.

27 ვინ არს უფროჲსი: რომელი ინაჴით-ზის ანუ რომელი ჰმსახურებს? ანუ არა რომელ-იგი ინაჴით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური.

28 და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა.

29 და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან, სასუფეველსა,

30 რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.

31 და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.

32 ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი.

33 ხოლო მან თქუა: უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკუდილად მისლვად.

34 ხოლო თავადმან თქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამ-გზის უვარ-მყო, ვითარმედ არა მიცი მე.

35 და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა-შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არარაჲ გუაკლდა.

36 და მერმე ჰრქუა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი.

37 გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს.

38 ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს.

39 და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი.

იერ. 11:18–23; 12:1–5, 9–11, 14–15

რიგისა

11:18 უფალო, გულისხმა-მიყავ მე და ვცნა, მაშინ ვიხილენ სიმარჯვენი მათნი.

19 მე, ვითარცა კრავმან უმანკომან მოყვანებულმან დაკლვად, არა ვცან. ჩემ ზედა ისიტყუეს გულისსიტყუა ბოროტი მეტყუელთა: მოდით და შეურიოთ ძელი პურსა თანა მისსა, აღვჴოცოთ იგი ქუეყანით ცოცხალთაჲთ, და სახელი მისი არა მოჴსენებულ იქმნეს მერმე.

20 უფალო საბაოთ, მსჯელო მართალო, გამომცდელო თირკმელთა და გულისაო, მიხილავსმცა შენ მიერი შურის-გება მათ ზედა, რამეთუ შენდა მიმართ განვაცხადე სამართალი ჩემი.

21 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი კაცთა ზედა ანათოელთა, მეძიებელთა სულისა ჩემისათა, მეტყუელთა: არ წინასწარმეტყუელებდე სახელითა უფლისათა, თუ არა მოჰკუდე ჴელთა მიერ ჩუენთა.

22 ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი საბაოთ: აჰა, მე ზედმივიხილო მათ ზედა, ჭაბუკნი მათნი მახვილისა მიერ მოკუდენ და ძენი მათნი აღესრულნენ სიყმილისა მიერ.

23 და დანაშთომი არა იყოს მათი, რამეთუ მოვაწინე ძჳრნი მკჳდრთა ზედა ანათოთის თანა წელიწადსა მოხედვისა მათისასა.

12:1 მართალ ხარ შენ, უფალო, რამეთუ მიგიგო შენდამი, გარნა სასჯელნი ვთქუნე შენდამი. რად, რამეთუ გზაჲ უთნოთაჲ წარემართების? იეფის ყოველთა უგულებელს-მყოფელთა უგულებელს-ყოფათასა.

2 დაჰნერგენ იგინი და განიძირეს. შვილიერ იქმნეს, და ყვეს ნაყოფი. მახლობელ ხარ შენ პირისა მათისა და შორს თირკმელთაგან მათთა.

3 და შენ, უფალო, მიცი მე, გამოსცადე გული ჩემი წინაშე შენსა და შეკრიბენ იგინი, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი, უბიწო-ჰყვენ იგინი დღისათჳს დაკლვისა მათისა.

4 ვიდრემდის იგლოვდეს ქუეყანაჲ და ყოველი თივაჲ ველისაჲ განჴმეს უკეთურებისაგან დამკჳდრებულთა მას ზედა? უჩინო იქმნეს საცხოვარნი და მფრინველნი, რამეთუ თქუას: არა იხილნეს უფალმან გზანი ჩვენნი.

5 შენნი ფერჴნი რბიან და დაგჴსნიან შენ, ვითარ განემზადები ჰუნეთა ზედა? და ქუეყანასა ზედა მშჳდობისასა შენ ესავ, ვითარ ჰყოფ ოხრასა ზედა იორდანისასა?

9 ნუ ქუაბი აფთრისაჲ სამკჳდრებელი ჩემი ჩემდა, ანუ ქუაბნი გარემოს მისსა? მას ზედა ვიდოდეთ. შეკრიბენით ყოველნი მჴეცნი ველისანი და მოვიდენ ჭამად მისსა.

10 მწყემსთა მრავალთა განრყუნეს ვენაჴი ჩემი, შეაბილწებდეს ნაწილსა ჩემსა. მისცეს ნაწილი გულისსათქმელი ჩემი უდაბნოდ მიუალად,

11 დაიდვა უჩინო საქნელად წარწყმედისა, ჩემ მიერ უჩინო-ყოფითა უჩინო იქმნა ყოველი ქუეყანაჲ, რამეთუ არა არს მამაკაცი დამდებელი გულსა შინა.

14 რამეთუ ამათ იტყჳს უფალი: ყოველთათჳს მეზობელთა ბოროტთა, შემხებელთა სამკჳდრებელისა ჩემისათა, რომელი განვიკერძე ერი ჩემი ისრაელი, აჰა, მე აღვიხუნე იგინი ქუეყანისაგან მათისა და სახლი იუდაჲსი გამოვიყვანო შორის მათსა.

15 და იყოს, შემდგომად გამოყვანებისა მათისა ჩემგან მოვაქციო და შევიწყალნე იგინი და დავამკჳდრნე იგინი კაცადი სამკჳდრებელსა ზედა თჳსსა და კაცადი ქუეყანასა ზედა თჳსსა.

1 კორ. 11:23–32 · დას. 149

რიგისა

11:23 რამეთუ მე მოვიღე უფლისაგან, რომელიცა მიგეც თქუენ, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე ღამესა მას რომელსა მიეცემოდა, მოიღო პური.

24 ჰმადლობდა, განტეხა და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ; ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს განტეხილი; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა.

25 ეგრეთვე სასუმელი იგი შემდგომად სერობისა, და თქუა: ესე სასუმელი ახალი რჩული არს სისხლისა ჩემისაჲ; ამას ჰყოფდით, რაოდენ-გზისცა სუმიდეთ, ჩემდა მოსაჴსენებელად.

26 რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს.

27 ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა.

28 გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ.

29 ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი.

30 ამისთჳს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი.

31 რამეთუ უკუეთუმცა თავთა თჳსთა განვიკითხევდით, არამცა განვიკითხენით.

32 ხოლო გან-თუ-ვიკითხვით, უფლისა მიერ განვისწავლებით, რაჲთა არა სოფლისა თანა დავისაჯნეთ.

მთ. 26:1–20 · დას. 107; ინ. 13:3–17 · დას. 44; მთ. 26:21–39 · დას. 108; ლკ. 22:43–45 · დას. 109; მთ. 26:40 – 27:2 · დას. 108

რიგისა

26:1 და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ყოველნი ესე სიტყუანი, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა:

2 უწყითა, რამეთუ შემდგომად ორისა დღისა ვნებაჲ იყოს, და ძე კაცისაჲ მიეცეს ჯუარ-ცუმად?

3 მაშინ შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი ეზოსა მას კაიაფა მღდელთ-მოძღუარისასა

4 და ზრახვა-ყვეს, რაჲთა იესუ ზაკუვით შეიპყრნა და მოკლან.

5 ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, რაჲთა არა შფოთი იქმნეს ერსა შორის.

6 ხოლო იესუ იყო რაჲ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა,

7 მოუჴდა დედაკაცი, რომელსა აქუნდა ალაბასტრი ნელსაცხებელისა მრავალ-სასყიდლისაჲ, და დაასხა თავსა მისსა ინაჴით მჯდომარესა.

8 ხოლო იხილეს რაჲ მოწაფეთა, განრისხნეს და იტყოდეს: რაჲსათჳს იყო წარწყმედაჲ ნელსაცხებელისაჲ ამის?

9 რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად დადძალის და მიცემად გლახაკთა.

10 ხოლო იესუ გულისჴმა-ყო და ჰრქუა მათ: რაჲსა შრომასა შეამთხუევთ დედაკაცსა მაგას? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემდა მომართ.

11 რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ.

12 რამეთუ დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო.

13 ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა სოფელსა, ითქუმოდის, რომელიცა ესე ყო მაგან საჴსენებელად მაგისა.

14 მაშინ წარვიდა ერთი იგი ათორმეტთაგანი, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, მღდელთ-მოძღუართა მათ

15 და ჰრქუა: რაჲ გნებავს მოცემად ჩემდა, და მე მიგცე იგი? ხოლო მათ მიუწონეს მას ოც და ათი ვეცხლი.

16 და მიერითგან ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ.

17 ხოლო პირველსა მას დღესა უცომოებისასა მოუჴდეს მოწაფენი იესუს და ჰრქუეს მას: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ შენ ჭამად პასქაჲ ესე?

18 ხოლო იესუ ჰრქუა მათ: წარვედით ქალაქად კაცისა მისამე და არქუთ მას: მოძღუარი ეგრეთ იტყჳს: ჟამი ჩემი ახლოს არს, შენ თანა ვყო პასქაჲ ესე მოწაფითურთ ჩემით.

19 და ყვეს ეგრეთ მოწაფეთა, ვითარცა უბრძანა მათ იესუ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.

20 და ვითარცა შემწუხრდა, ინაჴით-ჯდა იესუ ათორმეტთა მათ თანა.

13:3 იცოდა იესუ, რამეთუ ყოველივე მოსცა მას მამამან ჴელთა მისთა, და რამეთუ ღმრთისაგან გამოვიდა და ღმრთისა მივალს.

4 აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თჳსი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი.

5 და მოიღო წყალი და შთაასხა საბანელსა მას და იწყო ბანად ფერჴთა მოწაფეთა თჳსთა და წარჰჴოცდა არდაგითა მით, რომელი მოერტყა.

6 და მოვიდა სიმონ-პეტრესა. ჰრქუა მას პეტრე: უფალო, შენ დამბანა ფერჴთა ჩემთა?

7 მიუგო იესუ და ჰრქუა: რომელსა მე ვიქმ, არა იცი აწ, ხოლო სცნა ამისა შემდგომად.

8 ჰრქუა მას პეტრე: არა დამბანნე ფერჴნი ჩემნი უკუნისამდე. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა დაგბანნე შენ ფერჴნი, არა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა.

9 ჰრქუა მას სიმონ-პეტრე: უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი ჩემნი, არამედ ჴელნიცა და თავიცა ჩემი.

10 ჰრქუა მას იესუ: განბანილსა მას არა უჴმს, გარნა ფერჴნი ხოლო დაბანად, რამეთუ ყოვლად წმიდა არს იგი, და თქუენცა წმიდა ხართ, არამედ არა ყოველნი.

11 რამეთუ იცოდა იესუ მიმცემელი იგი. ამისთჳს თქუა, ვითარმედ: არა ყოველნი წმიდა ხართ.

12 და ოდეს დაჰბანნა ფერჴნი მათნი, მოიღო სამოსელი თჳსი და ინაჴ-იდგა და მერე ჰრქუა მათ: უწყითა, რაჲ-ესე გიყავ თქუენ?

13 თქუენ მხადით მე: მოძღუარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ.

14 უკუეთუ მე დაგბანენ ფერჴნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დაბანად ფერჴთა.

15 რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაჲთა, ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ.

16 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა, არცა მოციქული უფროჲს მომავლინებელისა თჳსისა.

17 ესე თუ სცნათ, ნეტარ ხართ, უკუეთუ ჰყოფდეთ ამას.

26:21 და ვითარცა ჭამდეს იგინი, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე.

22 და იგინი შეწუხნეს ფრიად, და იწყეს კაცად-კაცადმან მათმან სიტყუად: ნუუკუე მე ვარ, უფალო?

23 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან შთამოყოს ჩემ თანა ჴელი პინაკსა ამას, ამან მიმცეს მე.

24 ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო ვაჲ კაცისა მის, რომლისა მიერ ძე კაცისაჲ მიეცეს. უმჯობეს იყო მისა, არა თუმცა შობილ იყო კაცი იგი.

25 მიუგო იუდა, რომელმანცა მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ.

26 და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესუ პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ: ესე არს ჴორცი ჩემი.

27 და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქუა: სუთ ამისგან ყოველთა:

28 ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისაჲ, მრავალთათჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.

29 ხოლო გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: არღარა ვსუა მე ამიერითგან ნაყოფისაგან ამის ვენაჴისა, ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა თქუენ თანა ახალი სასუფეველსა მამისა ჩემისასა.

30 და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა.

31 მაშინ ჰრქუა მათ იესუ: თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი.

32 ხოლო შემდგომად აღდგომისა ჩემისა წინა-წარგიძღუე თქუენ გალილეას.

33 მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავჰბრკოლდე.

34 ჰრქუა მას იესუ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე.

35 ჰრქუა მას პეტრე: დაღაცათუ ჯერ-იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად ყოველნი მოწაფენი იტყოდეს.

36 მაშინ მოვიდა იესუ მათ თანა ადგილსა, რომელსა ჰრქჳან გეთსიმანია, და ჰრქუა მათ: დასხედით მანდა, ვიდრემდე მივიდე იქი და ვილოცო.

37 და წარიყვანნა პეტრე და ორნი ძენი ზებედესნი და იწყო მწუხარებად და ურვად.

38 მაშინ ჰრქუა მათ იესუ: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით ჩემ თანა.

39 და წარვიდა მცირედ და დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ილოცვიდა და იტყოდა: მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ.

22:43 და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას.

44 და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა.

45 და აღდგა მიერ ლოცვისაგან და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან

26:40 და მოვიდა მოწაფეთა თანა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს: ესოდენ ვერ უძლეთ ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა?

41 იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა; სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ.

42 კუალად მეორედ წარვიდა და ილოცვიდა და თქუა: მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანა-წარსლვად ჩემდა, რაჲთამცა არა შევსჳ იგი, იყავნ ნებაჲ შენი.

43 და მოვიდა და კუალად პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ.

44 და დაუტევნა იგინი და კუალად წარვიდა მესამედ და ილოცვიდა და მასვე სიტყუასა იტყოდა.

45 მაშინ მოვიდა მოწაფეთა და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ: აჰა ესერა მოახლებულ არს ჟამი, და ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა ცოდვილთასა.

46 აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი

47 და ვიდრე იგი იტყოდაღა, აჰა ესერა იუდა, ერთი იგი ათორმეტთაგანი, მოვიდა, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მოხუცებულთა ერისათა.

48 ხოლო მიმცემელსა მას მისსა მიეცა სასწაულად და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი.

49 და მეყსეულად მოუჴდა იესუს და ჰრქუა: გიხაროდენ, მოძღუარ! და ამბორს-იყო მას.

50 ხოლო იესუ ჰრქუა: მოყუასო, რომლისათჳსცა მოსრულ ხარ? მაშინ მოუჴდეს და დაასხნეს ჴელნი მათნი იესუს ზედა და შეიპყრეს იგი.

51 და აჰა ერთმან იესუჲსთანამან მიყო ჴელი და იჴადა მახჳლი და სცა მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი.

52 მაშინ ჰრქუა მას იესუ: მიაქციე მახჳლი ადგილსავე თჳსსა, რამეთუ ყოველთა რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ.

53 ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ვერ ძალ-მიც ვედრებად მამისა ჩემისა, და წარმომიდგინოს მე აწ აქა უმრავლესი ათორმეტთა გუნდთა ანგელოზთაჲ?

54 და ვითარ-მე აღესრულნენ წერილნი, რამეთუ ესრეთ ჯერ-არს ყოფად?

55 მას ჟამსა ჰრქუა იესუ ერსა მას: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოხუედით მახჳლითა და წათებითა შეპყრობად ჩემდა; დღითი-დღე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა ვჯედ და გასწავებდ, და არა შემიპყართ მე.

56 ხოლო ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულნენ წიგნნი წინაწარმეტყუელთანი. მაშინ მოწაფეთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს.

57 ხოლო მათ შეიპყრეს იესუ და მიიყვანეს კაიაფაჲსა მღდელთ-მოძღურისა, სადა-იგი მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი შეკრებულ იყვნეს.

58 ხოლო პეტრე მისდევდა მას შორით, ვიდრე ეზოდმდე მღდელთ-მოძღურისა, და შევიდა შინა და დაჯდა მსახურთა თანა ხილვად აღსასრულისა.

59 ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი და ყოველი კრებული ეძიებდეს ცრუ-მოწამეთა იესუჲსთჳს, რაჲთამცა მოკლეს იგი,

60 და არა ჰპოებდეს; და მრავალნი მოსრულ იყვნეს ცრუ-მოწამენი, და არა პოვნეს. ხოლო უკუანაჲსკნელ მო-ვინმე-ვიდეს ორნი

61 და თქუეს, ვითარმედ: ამან ესრეთ თქუა: ძალ-მიც დარღუევად ტაძარი ესე ღმრთისაჲ და მესამესა დღესა აღშენებად.

62 მაშინ აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი და ჰრქუა მას: არარას მიუგება, რასა-ეგე შეგწამებენ შენ?

63 ხოლო იესუ დუმნა. მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან ჰრქუა მას: გაფუცებ შენ ღმრთისა ცხოველისა, რაჲთა მითხრა ჩუენ, უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისაჲ?

64 ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ, ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა და მომავალი ღრუბელთა თანა ცისათა.

65 მაშინ მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა, ვითარმედ: გმო; აწ უკუე რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? აჰა ესერა გესმა გმობაჲ მაგისი.

66 რაჲ გნებავს თქუენ? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: თანამდებ არს სიკუდილისა.

67 მაშინ ჰნერწყუვიდეს პირსა მისსა და ჴურთითა სცემდეს თავსა მისსა, და რომელნიმე ყურიმალსა სცემდეს

68 და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ არს, რომელმან გცა შენ?

69 ხოლო პეტრე ჯდა გარეშე ეზოსა შინა. მოუჴდა მას ერთი მჴევალი და ჰრქუა მას: და შენცა იყავ იესუჲს თანა, გალილეველისა.

70 ხოლო მან უვარ-ყო წინაშე ყოველთასა და ჰრქუა: არა ვიცი, რასა იტყჳ.

71 და ვითარცა გამოვიდა იგი გარეშე ბჭეთა, იხილა იგი სხუამან და ჰრქუა მუნ მდგომარეთა მათ: ესეცა იყო იესუჲს თანა, ნაზარეველისა.

72 და მერმეცა უვარ-ყო პეტრე ფიცით და თქუა, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი.

73 და შემდგომად მცირედისა მოუჴდეს მუნ მდგომარენი იგი პეტრეს და ჰრქუეს მას: ჭეშმარიტად შენცა მათგანი ხარ, რამეთუ სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს შენ.

74 მაშინ იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი კაცი იგი. და მეყსეულად ქათამმან იყივლა.

75 და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი იესუჲსი, რომელი ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე. და გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

27:1 და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი.

2 და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტოელსა პილატეს მთავარსა.

გამ. 19:10–19

რიგისა

19:10 10. ხოლო უფალი ეტყოდა მოსეს: შთავედ და უწამე ერსა და განწმდენ იგინი დღეს და ხვალე და განირცხნენ სამოსელნი მათნი.

11 11. და იყვნენ მზა დღესა მესამესა, რამეთუ დღესა მესამესა გარდამოვიდეს უფალი მთასა ზედა სინასა წინაშე ყოვლისა ერისა.

12 12. და განაყენო ერი გარემოჲს მეტყუელმან: ეკრძალენით თავთა თქუენთა აღსლვად მთად და შეხებად რასმე მისსა. ყოველი, რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს.

13 13. არა შეეხოს მას ჴელი, რამეთუ ქვითა დაიქოლოს, ანუ სატყორცნითა განიშურდლოს, უკუეთუ საცხოვარი, უკუეთუ კაცი არა ცხოვნდეს, რაჟამს ჴმანი და საყჳრნი და ღრუბელი წარვიდენ მთით, მაშინ აღვიდენ იგინი მთად.

14 14. და შთამოვიდა მოსე მთით ერისა მომართ და განწმიდნა იგინი და განირსხნეს სამოსელნი მათნი.

15 15. და ჰრქუა ერსა: იყვენით მზა, სამთა დღეთა ნუ შეხუალთ დედაკაცისა.

16 16. ხოლო იყო მესამესა დღესა, იქმნა რაჲ ცისკარი, იქმნეს ჴმანი და ელვანი და ღრუბელი ალმურიანი მთასა ზედა სინასა, ჴმაჲ საყჳრისა ოხრიდა დიდად და შეშინდა ყოველი ერი ბანაკსა შინა.

17 17. განიყვანა მოსემან ერი შემთხუევად ღმრთისა გარეშე ბანაკისა და წარდგეს წინაშე მთისა.

18 18. ხოლო მთაჲ სინა მკმოლვარე იყო ყოვლად გარდამოსლვისათჳს ღმრთისა მას ზედა ცეცხლითა. და აღვიდოდა კუამლი ვითარცა კუამლი საჴუმილისა.

19 19. და განკჳრდა ყოველი ერი ფრიად და იყვნეს ჴმანი იგი საყჳრისანი, რაოდენ ვიდოდეს, უძლიერეს იქმნებოდეს ფრიად და მოსე იტყოდა, ხოლო ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა.

იობ. 38:1–23; 42:1–5

რიგისა

38:1 ჰრქუა უფალმან იობს არმურით გამო და ღრუბლით:

2 ვინ არს ესე, რომელი მიმალავს სიტყუათა, და შეუკრებიან ზრახვანი გულსა თჳსსა, და ჩემგან ჰგონებს დაფარვასა?

3 შეირტყენ ვითარცა მამაკაცმან წელნი შენნი, მე გკითხვიდე და შენ მომიგებდ მე.

4 სადა იყავ, რაჟამს დავაფუძნებდ მე ქუეყანასა? მითხარ მე, უკუეთუ იცი გულისჴმის-ყოფაჲ.

5 ვინ დადვა საზომი მისი, უკუეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა?

6 ანუ რასა ზედა კარშიკნი მისნი დამსჭუალულ არიან? ანუ ვინ არს, რომელმან დადვა ლოდი იგი საკიდური მის ზედა?

7 ოდეს იქმნნეს ვარსკულავნი, მიქებდეს მე ჴმითა დიდითა ყოველნი ანგელოზნი ჩემნი.

8 და-უკუე-ვჰჴაშ ზღუაჲ ბჭეებითა, რაჟამს-იგი იშუებოდა, დედის მუცლით გამო-რა-ვიდოდა.

9 დავსდევ მას ზედა ღრუბელი სამოსლად და ნისლითა წარვგრაგნე იგი.

10 დავსცენ მას ზედა საზღვარნი და დავაგენ მას კლიტენი და ბჭენი.

11 და ვარქუ: აქამომდე მოხჳდე და არა გარდაჰჴდე, არამედ შენ ზედვე შეიმუსრნენ ღელვანი შენნი.

12 ანუ შენ ზედა დავაწესე ნათელი განთიადისა, და მთიებმან იცნა თჳსი იგი წესი

13 მიწევნად ფრთეთა ქუეყანისათა, და განბნევად უღელნი მისგან?

14 ანუ შენ მოიდე მიწაჲ ქუეყანით და თიჴაჲ შეჰქმენ ცხოვლად და პირმეტყუელად და დაადგინე ქუეყანასა ზედა?

15 ანუ შენ მოუღე ნათელი უღმრთოთა, და მკლავნი ამპარტავანთანი შენ შეჰმუსრენ?

16 მი-მე-სრულ ხარა წყაროსა მას ზღჳსასა, ანუ კუალსა უფსკრულთასა სრულ ხარა?

17 გან-მე-გეხუნენა შიშით ბჭენი სიკუდილისანი, ანუ მეკარეთა ჯოჯოხეთისათა გიხილონ და შეძრწუნდენ?

18 ანუ სწავლულ ხარა სივრცესა ცასა ქუეშე? მითხარ მე: ვითარმე, ანუ რაბამ არს?

19 რომელსა ადგილსა იქცევის ნათელი, ანუ რომელი ადგილი არს ბნელისაჲ?

20 მი-ხოლო-თუ-მიიყვანო საზღვართა მისთა, გინათუ იცნი ალაგნი მისნი?

21 მეცნიერმე ხარა? ვინ უწყის, მაშინ შობილ იყო და რიცხუნი წელთა შენთანი ფრიად იყუნეს?

22 მი-მე-სრულ ხარა საუნჯეთა თოვლისათა, გიხილვანა საუნჯენი სეტყუათანი?

23 რამეთუ დაუუნჯებულ არიან დღედ მტერთა, დღედ ბრძოლისა და ლალვისა.

42:1 მიუგო იობ და ჰრქუა უფალსა:

2 ვიცი, რამეთუ ყოველივე ძალ-გიც და შეუძლებელ არა რაჲ არს შენ მიერ.

3 ვინმე არს, რომელი გიმალავს შენ ზრახვასა? ერიდებოდის სიტყუათა და შენგან ჰგონებდეს დაფარვას? ვინ მომითხრას მე, რომელმან არა ვიცოდე დიდ-დიდნი და საკჳრველნი, რომელ არა უწყოდე.

4 ისმინე ჩემი, უფალო! რათა მეცა ვიტყოდე. მე გკითხო შენ და შენ მასწაო მე.

5 ჰამბავით ყურთა მესმინა შენთჳს პირველ და აწ თუალმან ჩემმან გიხილა შენ.

ეს. 50:4–11

რიგისა

50:4 უფალმან, უფალმან მცეს მე ენა სწავლულებისა ცნობად, ოდეს ჯერარს თქუმად სიტყჳსა, დამდვა მე განთიად, შემძინა მე ყური სმენად.

5 და სწავლა უფლისაჲ განახუამს ყურთა ჩემთა, ხოლო მე არა ურჩ ვარ, არცა ვაცილობ.

6 ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა.

7 და უფალი შემწე ჩემდა იქმნა, ამისთჳს არა მრცხუენა, არამედ დავდევ პირი ჩემი, ვითარცა მყარი კლდე, და ვაგრძენ, ვითარმედ არა მრცხუენეს,

8 რამეთუ მახლობელ არს განმამართლებელი ჩემი, ვინ არს მოსაჯული ჩემი? წინააღმიდეგინ მე და ვინ არს განმკითხველ ჩემდა? მომეახლენ მე.

9 აჰა, უფალი შემეწევის მე. ვინ განმაბოროტოს მე? აჰა, ყოველნი თქვენ, ვითარცა სამოსელი, დასძუელდეთ და ვითარცა მღილმან, შეგჭამნეს თქუენ.

10 ვინ არს თქუენ შორის მოშიში უფლისაჲ? ისმინედ ჴმისა მონისა მისისა, რომელნი ვლენან ბნელსა შინა, არა არს მათდა ნათელი. ესევდით სახელისა მიმართ უფლისა და განმტკიცდით ღმრთისა მიმართ.

11 აჰა, ყოველნი თქუენ ცეცხლსა აღაგზებთ და განაძლიერებთ ალსა. ვიდოდეთ ნათლითა ცეცხლისა თქუენისაჲთა და ალითა, რომელი აღაგზენით ჩემთჳს. იქმნეს თქუენდა ესენი, მწუხარებასა შინა დაიძინოთ.