გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 42 ტიმ. 2:20–26 · დას. 294

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

2 ტიმ. 2:20–26 · დას. 294 · მკ. 9:42 – 10:1 · დას. 42 · ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330 · ლკ. 11:47 – 12:1 · დას. 62

30 დეკემბერი 2024ხმა 2

მკითხველი

2 ტიმ. 2:20–26 · დას. 294

რიგისა

2:20 სახლსა შინა დიდსა არა არს ჭურჭელი ოქროჲსაჲ ხოლო და ვერხლისაჲ, არამედ ძელისაჲცა და კეცისაჲცა, რომელნიმე პატიოსნად და რომელნიმე უპატიოდ.

21 უკუეთუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ამათგან, იყოს იგი ჭურ პატიოსან, წმიდა და საჴმარ უფლისა, ყოვლისავეთჳს საქმისა კეთილისა განმზადებულ.

22 ხოლო სიჭაბუკისა მათ გულის თქუმათა ევლტოდე, შეუდეგ სიმართლესა, სარწმუნოებასა, სიყუარულსა, მშჳდობასა მათ თანა, რომელნი ხადიან უფალსა გულითა წმიდითა.

23 ხოლო სიცოფისათა მათ და უსწავლელთა ძიებათაგან იჯმენ, უწყი, რამეთუ შვნიან ლალვანი.

24 ხოლო მონისა უფლისა არა ჯერ-არს ლალვაჲ, არამედ რაჲთა იყოს მყუდრო და სახიერ ყოველთა მიმართ, მასწავლელ, უმანკო,

25 მშჳდობით მასწავლელ წინააღმდგომთა მათ, მო-ხოლო თუ-სცეს მათ უფალმან სინანული მეცნიერებად ჭეშმარიტებისა,

26 და განიფრთხონ საფრჴისა მისგან ეშმაკისა მონადირებულთა მათ მის მიერ ნებისაებრ მისასა.

მკ. 9:42 – 10:1 · დას. 42

რიგისა

9:42 და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა.

43 და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა.

44 სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა დაშრტების.

45 და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი: უმჯობეს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა,

46 სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.

47 და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი: უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა.

48 სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა დაშრტების.

49 რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს.

50 კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს, რაჲთაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით ურთიერთას.

10:1 და აღდგა მიერ იესუ და მოვიდა საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იორდანესა, და შეკრბებოდა მისა კუალად ერი, და, ვითარცა ჩუეულ იყო, კუალად ასწავებდა მათ.

ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330

წინასწარმეტ.

11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;

34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.

35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.

36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;

37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,

38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.

39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,

40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.

12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.

2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.

ლკ. 11:47 – 12:1 · დას. 62

წინასწარმეტ.

11:47 ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წანაჲსწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოსწყჳდნეს იგინი.

48 ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფვით საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ.

49 ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყჳდნენ და დევნნენ.

50 რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან,

51 სისხლითგან აბელისით, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან.

52 ვაჲ თქუენდა, სჯულის-მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ არა შე-ხუალთ და შემავალთა აყენებთ.

53 და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა.

54 და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი.

12:1 რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ.