გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5მთ. 10:16–22 · დას. 36

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

მთ. 10:16–22 · დას. 36 · 1 კორ. 11:8–22 · დას. 148 · მთ. 17:10–18 · დას. 71 · 2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292 · ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52

16 აგვისტო 2024ხმა 6

მკითხველი

მთ. 10:16–22 · დას. 36

ხსენებისა

10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.

17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.

18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.

19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.

20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.

21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.

22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

1 კორ. 11:8–22 · დას. 148

რიგისა

11:8 რამეთუ არა არს მამაკაცი დედაკაცისაგან, არამედ დედაკაცი მამაკაცისაგან;

9 და რამეთუ არა დაებადა მამაკაცი დედაკაცისათჳს, არამედ დედაკაცი მამაკაცისათჳს.

10 ამისთჳს ჯერ-არს დედაკაცისა, რაჲთა ფლობაჲ აქუნდეს თავსა თჳსსა ზედა ანგელოზთათჳს.

11 ხოლო არცა მამაკაცი თჳნიერ დედაკაცისა, არცა დედაკაცი თჳნიერ მამაკაცისა უფლისა მიერ.

12 რამეთუ ვითარცა-იგი დედაკაცი ქმრისაგან არს, ეგრეთცა ქმარი - ცოლისათჳს; ხოლო ყოველივე ღმრთისაგან არს.

13 თჳთ თქუენ შორისღა განიკითხეთ ესე: შუენისა დედაკაცსა დაუბურველად წინაშე ღმრთისა ლოცვაჲ?

14 არცაღა თჳთ იგი ბუნებაჲ გასწავებს თქუენ, რამეთუ მამაკაცმან თუ გარდაუტეოს თმაჲ გრძელად, უშუერება არს მისა.

15 ხოლო დედაკაცმან თუ გარდაუტეოს, დიდება არს მისა, რამეთუ თმაჲ იგი სამკაულად მოეცა მას.

16 ხოლო უკუეთუ ვისმე ცილობის ჰნებავს, ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გუაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა.

17 ამას რაჲ გამცნებ, არა გაქებ, რამეთუ არა უმჯობესად, არამედ უნაკლულევანესად შეჰკრბებით.

18 პირველად უკუე, რამეთუ შეკრებასა მას თქუენსა ეკლესიად მესმის, ვითარმედ წვალება არიან თქუენ შორის, და ზოგს-რაჲმე მრწამს.

19 რამეთუ წვალებაცა ყოფად არიან თქუენ შორის, რაჲთა რჩეულნი იგი თქუენ შორის გამოჩნდენ.

20 შეკრებასა მას უკუე თქუენსა ერთად არა არს ეკლესიაჲ პურის საჭმელ.

21 რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი იგი სერი წინაწარ წარიღის ჭამად, და რომელსამე ჰშიინ და რომელსამე სთრავნ.

22 ნუუკუე სახლებ არა გიდგსა ჭამად და სუმად? ანუ ეკლესიასა ღმრთისასა შეურაცხ-ჰყოფთ და არცხუენთ მათ, რომელთა არარაჲ აქუს? რაჲ-მე გრქუა თქუენ? გაქებდეა ამისთჳს? არა გაქებ.

მთ. 17:10–18 · დას. 71

რიგისა

17:10 და ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა და ეტყოდეს: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?

11 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს პირველად და კუალად-აგოს ყოველი.

12 ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია აწვე მოვიდა, და არა იცნეს იგი, არამედ უყვეს მას, რაოდენი უნდა. და ეგრეთვე ძესაცა კაცისასა ეგულების ვნებად მათგან.

13 მაშინ გულისჴმა-ყვეს მოწაფეთა, რამეთუ იოვანე ნათლისმცემელისათჳს ჰრქუა მათ.

14 და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგინა მის წინაშე და ეტყოდა:

15 უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალ-გზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალ-გზის წყალსა.

16 და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა.

17 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნო და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!

18 და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი. და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან.

2 ტიმ. 2:1–10 · დას. 292

მოწ.

2:1 ხოლო შენ, შვილო ჩემო, განძლიერდი მადლითა იესუ ქრისტესითა,

2 და რაჲ-იგი გესმა ჩემგან მრავლითა მოწამებითა, ესე შეჰვედრე მორწმუნეთა კაცთა, რომელნი შემძლებელ იყვნენ სხუათაცა სწავლად.

3 შენ უკუე ჭირი დაითმინე, ვითარცა კეთილმან მოღუაწემან ქრისტე იესუჲსმან.

4 არავინ მოღუაწე შეეყოფვის სოფლისა საქმეთა, რაჲთა ერისთავსა მას სათნო-ეყოს.

5 და უკუეთუ ვინმე იღუწიდესცა, არა გჳრგჳნოსან იქმნების, არა თუ შჯულიერად იღუაწოს.

6 მშრომელისა მის ქუეყანის მოქმედისაჲ ჯერ-არს პირველად ნაყოფისა მოღებაჲ.

7 სცნობდ, რომელსა-ესე გეტყჳ. რამეთუ მოგცეს შენ უფალმან გულისჴმის-ყოფაჲ ყოველსა შინა.

8 მოიჴსენე იესუ ქრისტე, აღდგომილი მკუდრეთით, ნათესავისაგან დავითისა, მსგავსად სახარებისა მის ჩემისა,

9 რომელსა შინა ძჳრს ვიხილავ ვიდრე კრულებადმდე, ვითარცა ძჳრის-მოქმედი; არამედ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ არა შეკრულ არს.

10 ამისთჳს ყოველსა დავითმენ რჩეულთა მათთჳს, რაჲთა მათცა ცხორებაჲ პოვონ ქრისტე იესუჲს მიერ დიდებასა თანა საუკუნესა.

ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52

მოწ.

15:17 ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.

18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.

19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.

20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ.

21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.

22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს.

23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს.

24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი.

25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.

26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.

27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.

16:1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.

2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.