გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4გალ. 2:6–10 · დას. 201

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

გალ. 2:6–10 · დას. 201 · მკ. 5:22–24, 35 – 6:1 · დას. 20 · 2 კორ. 8:7–15 · დას. 186 · მკ. 3:6–12 · დას. 11

8 სექტემბერი 2023ხმა 4

მკითხველი

გალ. 2:6–10 · დას. 201

რიგისა

2:6 ხოლო მათ, რომელნი-იგი ჰგონებდეს, ვითარმედ არიან რაჲმე, რომელნი-იგი ყოფილ ოდესმე იყვნეს, არარაჲ უმჯობეს ჩემსა. პირსა კაცისასა ღმერთმან არა თუალ-ახუნის. რამეთუ მე, რომელნი-იგი საგონებელ იყვნეს, არარაჲვე მითხრეს.

7 არამედ წინააღმდგომი, უწყოდეს, რამეთუ რწმუნებულ არს ჩემდა სახარებაჲ იგი წინადაუცუეთელებისაჲ, ვითარცა-იგი პეტრეს - წინადაცუეთილებისაჲ.

8 რამეთუ რომელი შეეწია პეტრეს მოციქულებად წინადაცუეთილებისა, შემეწია მეცა წარმართთა მიმართ.

9 და ვითარცა ცნეს მადლი იგი, რომელ მოცემულ იყო ჩემდა, იაკობ და კეფა და იოვანე, რომელნი-იგი ჰგონებდეს სუეტად თავთა თჳსთა, მარჯუენე მოგუცეს მე და ბარნაბას ზიარებისაჲ, რაჲთა ჩუენ წარმართთა მიმართ, ხოლო იგინი წინადაცუეთილებისა მიმართ.

10 გარნა რაჲთა გლახაკნი ხოლომცა გუაჴსოვნან, რომელცა-იგი ვისწრაფეთ ამისა ყოფად.

მკ. 5:22–24, 35 – 6:1 · დას. 20

რიგისა

5:22 და აჰა მო-ვინმე-ვიდა მისა ერთი შესაკრებელის-მთავარი, სახელი მისი იაიროს; იხილა იგი და შეუვრდა ფერჴთა მისთა.

23 და ევედრებო მას ფრიად და ეტყოდა, ვითარმედ: ასული ჩემი აღესრულების, რაჲთა მოხჳდე და დაასხნე ჴელნი მას ზედა, და განერეს და ცხოვნდეს.

24 და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას.

35 და ვითარ იგი ამას იტყოდა, მოვიდეს შესაკრებლის-მთავრისანი მის და ეტყოდეს: ასული შენი აღესრულა, რაჲსაღა აშრომებ მოძღუარსა?

36 ხოლო იესუს ვითარ ესმნეს სიტყუანი ესე, რომელსა ეტყოდეს, ჰრქუა შესაკრებელთ-მთავარსა მას: ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ ხოლო.

37 და არავინ უტევა მიდევნებად მის თანა, გარნა პეტრე და იაკობ და იოვანე, ძმაჲ იაკობისი.

38 და მოვიდა სახლსა მას შესაკრებლთ-მთავრისასა და იხილა შფოთი და ტირილი და ღაღადებაჲ ფრიადი.

39 და შევიდა და ჰრქუა მათ: რაჲსა აღშფოთებულ ხართ და სტირთ? ყრმაჲ ეგე არა მომკუდარ არს, არამედ სძინავს.

40 და იგინი ჰბასრობდეს მას. ხოლო თავადმან გამოასხა ყოველი იგი შფოთი და მიიყვანა მამაჲ მის ყრმასაჲ და დედაჲ და მოწაფენი მისნი და შევიდა, სადა-იგი იდვა მკუდარი იგი ყრმაჲ.

41 და უპყრა ჴელი ყრმისაჲ მის და ჰრქუა მას: ტალითა კუმი! რომელ არს თარგმანებით: შენ გეტყჳ, ყრმაო, აღდეგ!

42 და მეყსეულად აღდგა ქალი იგი და იწყო სლვად, რამეთუ იყო იგი ათორმეტის წლის ოდენ. და განუკჳრდებოდა მათ განკჳრვებითა დიდითა ფრიად.

43 და ამცნებდა მათ ფრიად, რაჲთა არავინ აგრძნას ესე, და უბრძანა მათ, რაჲთა სცენ მას ჭამადი.

6:1 და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი.

2 კორ. 8:7–15 · დას. 186

ღირ.

8:7 არამედ ვითარცა-იგი ყოველსა შინა წარემატებით: სარწმუნოებითა და სიტყჳთა და მეცნიერებითა და ყოვლითა მოსწრაფებითა და ჩუენ მიერითა მით თქუენ შორის სიყუარულითა, რაჲთა ამითცა მადლითა აღემატნეთ.

8 არა თუ ბრძანებით გეტყჳ, არამედ სხუათა მოსწრაფებისათჳს თქუენისა მისცა სიყუარულისა გულითადობასა გამოვიცდი.

9 რამეთუ იცით მადლი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, რამეთუ თქუენთჳს დაგლახაკნა მდიდარი იგი, რაჲთა თქუენ მისითა მით სიგლახაკითა განჰმდიდრდეთ.

10 და ამისათჳს გაზრახებ, რამეთუ ესე უმჯობეს არს თქუენდა, რომელთა-ეგე არა ხოლო თუ ყოფად, არამედ ნებადცა წინაწარ იწყეთ შრანდითგან.

11 ხოლო აწ ესერა ყოფადცა აღასრულეთ, რაჲთა ვითარცა-იგი გულს-მოდგინებაჲ ნებისათჳს, ეგრეთცა აღსრულებაჲ მისგან, რომელი-იგი გაქუს.

12 რამეთუ უკუეთუ გულსმოდგინებაჲ იგი წინა ძეს, რაჲცა-იგი ვის აქუს, შეწირულ არს, არა რომელი-იგი არა აქუს.

13 რამეთუ არა, რაჲთა სხუათა ლხინი, ხოლო თქუენ ჭირი, არამედ განსწორებით.

14 ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა ნაკლულევანებისა, რაჲთა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაჲთა იყოს განსწორებულ.

15 ვითარცა წერილ არს: რომელმან ფრიად მიიღო, არაჲ ემატა, და რომელმან მცირედ, არაჲ დააკლდა.

მკ. 3:6–12 · დას. 11

ღირ.

3:6 და ვითარცა გამოვიდეს მიერ ფარისეველნი იგი ჰეროდიანელთა თანა, და ზრახვა-ყვეს მისთჳს, რაჲთა წარწყმიდონ იგი.

7 ხოლო იესუ მოწაფითურთ განეშორა მათგან და მოვიდა ზღჳს-კიდედ. და მრავალი ერი შეუდგა მას გალილეაჲთ და ჰურიასტანით,

8 იერუსალჱმით, იდუმიაჲთ, წიაღ-იორდანით და ტჳროსით კერძო და სიდონით. ესმა მრავალსა სიმრავლესა, რაოდენსა-იგი იქმოდა, და მოვიდეს მისა.

9 და ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა ნავი განუმზადონ მას ერისა მისთჳს, რაჲთა არა შეაიწრონ იგი.

10 რამეთუ მრავალთა განჰკურნებდა, ვითარმედ ზედაცა დაესხმოდა მას ერი იგი, რაჲთა შე-ოდენ-ეხნენ. და რაოდენთა აქუნდა უძლურებაჲ და შეეხნეს, განიკურნებოდეს.

11 და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ.

12 და ფრიად შეჰრისხნა მათ იესუ, რაჲთა არა გამოაცხადონ იგი.