გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ინ. 21:15–25 · დას. 67

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

ინ. 21:15–25 · დას. 67 · რომ. 8:2–13 · დას. 96 · მთ. 10:16–22 · დას. 36 · საქ. 11:19–26, 29–30 · დას. 28 · ლკ. 10:16–21 · დას. 51

24 ივნისი 2020ხმა 1

მკითხველი

ინ. 21:15–25 · დას. 67

ხსენებისა

21:15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი.

16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.

17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.

18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.

19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.

20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?

21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?

22 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.

23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?

24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.

25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.

რომ. 8:2–13 · დას. 96

რიგისა

8:2 რამეთუ შჯულმან სულისა ცხორებისამან ქრისტე იესუჲს მიერ განმათავისუფლა მე შჯულისა მისგან ცოდვისა და სიკუდილისა.

3 რამეთუ შეუძლებელი იგი შჯულისაჲ, რომლითა უძლურ იყო ჴორცთა მათთჳს, ღმერთმან ძე თჳსი მოავლინა, მსგავსად ჴორცთა მათ ცოდვისათა და ცოდვისათჳს, და საჯა ცოდვაჲ იგი ჴორცითა თჳსითა.

4 რაჲთა სიმართლე იგი შჯულისაჲ აღესრულოს ჩუენ შორის, რომელნი არა ჴორციელად ვიქცევით, არამედ სულიერად.

5 რამეთუ რომელნი-იგი ჴორციელად არიან, ჴორცთასა ზრახვენ, ხოლო რომელნი-იგი სულიერად არიან, - სულისასა.

6 რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ სიკუდილ არს, ხოლო ზრახვაჲ იგი სულისაჲ ცხორება არს და მშჳდობა.

7 რამეთუ ზრახვაჲ იგი ჴორცთაჲ მტერობა არს ღმრთისა; რამეთუ შჯულსა მას ღმრთისასა ვერ დაემორჩილების და ვერცა ძალ-უც.

8 რამეთუ რომელნი-იგი ჴორცთა შინა არიან, ღმრთისა სათნო-ყოფად ვერ ძალ-უც.

9 ხოლო თქუენ არა ხართ ჴორცთა შინა, არამედ სულთა, უკუეთუ სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის. უკუეთუ ვისმე სული ქრისტესი არა აქუს, იგი არა არს მისი.

10 უკუეთუ ქრისტე თქუენ შორის არს, ჴორცნიმცა მკუდარ არიან ცოდვისათჳს, ხოლო სული - ცხოველ სიმართლისათჳს.

11 უკუეთუ სული იგი აღმადგინებელისა იესუჲსი მკუდრეთით მკჳდრ არს თქუენ შორის, რომელმან-იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ჴორცნი თქუენნი დამკჳდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა.

12 აწ უკუე, ძმანო, თანა-გუაც არა ჴორცთაჲ, რაჲთა ჴორციელად სცხონდებოდით.

13 რამეთუ უკუეთუ ჴორციელად სცხონდებოდით, მოსიკუდიდ ხართ; ხოლო უკუეთუ სულითა ჴორცთა საქმესა მოაკუდინებდეთ, სცხონდეთ.

მთ. 10:16–22 · დას. 36

რიგისა

10:16 აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი.

17 ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ.

18 და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა.

19 და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით.

20 რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის.

21 რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი; და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ.

22 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

საქ. 11:19–26, 29–30 · დას. 28

მოც.

11:19 და რომელნი-იგი მიმოდაიბნინეს ჭირისა მისგან, რომელი იყო სტეფანეს ზედა, მივიდეს ვიდრე ფინიკედმდე და კჳპრედ და ანტიოქიად, არარას ვის ეტყოდეს სიტყუასა, გარნა ჰურიათა მათ ხოლო.

20 ხოლო იყვნეს ვინმე მათგანნი კაცნი კჳპრელნი და კჳრინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესუს.

21 და იყო ჴელი უფლისაჲ მათ თანა განკურნებად. და მრავალსა რიცხუსა ჰრწმენა და მოიქცეს უფლისა.

22 ესმა სიტყუაჲ ესე ყურთა კრებულისათა, რომელნი იყვნეს იერუსალჱმს მათთჳს და მიავლინეს ბარნაბა, რაჲთა განვიდეს ვიდრე ანტიოქიადმდე,

23 რომელი-იგი მოვიდა და იხილა მადლი იგი ღმრთისაჲ და განიხარა და ჰლოცვიდა ყოველთა გულს-მოდგინებითა გულისაჲთა დადგრომად უფლისა მიმართ.

24 რამეთუ იყო კაცი იგი სახიერ და სავსე სულითა წმიდითა და სარწმუნოებითა. და შეეძინა ერი მრავალი უფალსა.

25 და გამოვიდა ბარნაბა ტარსუნდ მოძიებად სავლესა, და პოა და მოიყვანა ანტიოქიად.

26 და იყო მათი წელიწად ერთ შეკრებაჲ ეკლესიად და სწავლად ერისა მრავლისა და წოდებად პირველად ანტიოქიას შინა მოწაფეთა მათ ქრისტეანად.

29 ხოლო მოწაფეთა მათ, ვითარცა ჴელ-რაჲ ვის-ეწიფებოდა, ბრძანეს თითოეულმან მათმან სამსახურებელად მიძღუანებად ძმათა მათ, რომელნი-იგი მყოფ იყვნეს ჰურიასტანს,

30 რომელცა-იგი ყვეს და წარუძღუანეს ხუცესთა მათ მიმართ ჴელითა ბარნაბაჲსითა და სავლესითა.

ლკ. 10:16–21 · დას. 51

მოც.

10:16 რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა.

17 და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა.

18 ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა.

19 აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს.

20 ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.

21 მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.