გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ლკ. 1:39–49, 56 · დას. 4

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

ლკ. 1:39–49, 56 · დას. 4 · იუდ. 1:1–10 · დას. 77 · ლკ. 22:39–42, 45 – 23:1 · დას. 109 · ფილიპ. 2:5–11 · დას. 240 · ლკ. 10:38–42; 11:27–28 · დას. 54

25 თებერვალი 2020ხმა 3

მკითხველი

ლკ. 1:39–49, 56 · დას. 4

ხსენებისა

1:39 და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა.

40 და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ.

41 და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ.

42 და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ!

43 და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა?

44 რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა.

45 და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ.

46 და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა,

47 და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა,

48 რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი;

49 რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი,

56 და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.

იუდ. 1:1–10 · დას. 77

რიგისა

1:1 იუდა, იესუ ქრისტეს მონაჲ და ძმაჲ იაკობისი, თქუენ, ღმრთისა მიერ მამისა განწმედილთა და იესუ ქრისტეს მიერ დამარხულთა ჩინებულთა,

2 წყალობაჲ თქუენ თანა და მშჳდობაჲ და სიყუარული განმრავლდინ.

3 საყუარელნო, ყოველივე სწრაფაჲ ვყავ მიწერად თქუენდა ზოგადისათჳს ცხორებისა. ჯერ-მიჩნდა მიწერად თქუენდა და გლოცავ, იღუწიდით ერთ გზის მოცემულისა მისთჳს წმიდათა სარწმუნოებისა.

4 რამეთუ შემო-ვინმე-ვიდეს კაცნი, რომელნი პირველვე წერილ იყვნეს ამას საშჯელსა, უღმრთონი, რომელნი მადლსა ღმრთისა ჩუენისასა გარდააქცევენ არაწმიდებად და მხოლოსა მფლობელსა ღმერთსა და უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უარ-ჰყოფენ.

5 მოჴსენებაჲ თქუენი მნებავს, დაღათუ იცით ესე ყოველი, რამეთუ ღმერთმან ერთ გზის ერი იგი ქუეყანით ეგჳპტით იჴსნა, ხოლო მეორედ ურწმუნონი იგი წარწყმიდნა.

6 ანგელოზნი იგი, რომელთა-იგი არა დაიმარხეს თჳსი იგი სამთავროჲ, არამედ დაუტევეს სამკჳდრებელი მათი სასჯელად დიდისა მის დღისა საკრველებითა მით სამარადისოჲთა, წყუდიადსა ქუეშე დაჰმარხნა.

7 ვითარცა სოდომოჲ და გომოროჲ და გარემოჲს მათსა ქალაქები იგი, რომელნი მათდავე სახედ ისიძვიდეს და მიდევნებულ იყვნეს შედგომად ჴორცსა უცხოსა, წინა სხენან სახედ, ცეცხლისა საუკუნოჲსა სასჯელი მიუღებიეს.

8 ეგრეთვე მსგავსად ესენიცა საჩუენებელსა იხილვენ, ჴორცთა შეიბილწებენ, უფლებათა შეურაცხჰყოფენ, დიდებათა ჰგმობენ.

9 ხოლო მიქაელ მთავარანგელოზი ოდეს-იგი ეშმაკსა მას ეშჯოდა და ეტყოდა მოსეს ჴორცთათჳს, ვერ იკადრა საშჯელი გმობისაჲ მოწევნად მის ზედა, არამედ ჰრქუა: შეგრისხენინ შენ უფალმან!

10 გარნა ესენი, რაოდენი არა იციან, ჰგმობენ და რავდენი ვითარცა პირუტყუთა ბუნებით იციან, მათ შინა განიხრწნებიან.

ლკ. 22:39–42, 45 – 23:1 · დას. 109

რიგისა

22:39 და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი.

40 და მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.

41 და თავადი განეშორა მათგან ვითარ ქვის-სატყორცებელ ოდენ და დაიდგა მუჴლნი, ილოცვიდა

42 და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ!

45 და აღდგა მიერ ლოცვისაგან და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან

46 და ჰრქუა მათ: რაჲსა გძინავს? აღდეგით, ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.

47 და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა ერი და, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინა-უძღოდა მათ და მიეახლა იესუს ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს.

48 ხოლო იესუ ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?

49 იხილეს რაჲ მისთანათა მათ საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახჳლითა?

50 და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე.

51 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე, და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.

52 ჰრქუა იესუ მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთ-მოძღუართა და ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათებითა.

53 დღითი-დღე ვიყავ მე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა, და არა განჰყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფებაჲ ბნელისაჲ.

54 და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით.

55 და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა.

56 და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო.

57 ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი.

58 და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ.

59 და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს.

60 ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა.

61 და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე.

62 და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.

63 ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესუ, ეკიცხევდეს მას და სცემდეს.

64 და დაჰბურეს მას თავსა და სცემდეს პირსა და ჰკითხვიდეს და ეტყოდეს: წინაწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ.

65 და სხუასა მრავალსა სიტყუასა ჰგმობდეს და იტყოდეს მისთჳს.

66 და ვითარცა განთენა დღე, შეკრბეს მოხუცებულნი ერისანი, მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი საკრებულოსა მას მათსა

67 და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გითხრა თქუენ, არა გრწმენეს ჩემი;

68 და უკუეთუ გკითხო თქუენ, ვერაჲვე მომიგოთ მე გინა განმიტეოთ.

69 ამიერითგან იყოს ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა ღმრთისასა.

70 და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე ხარა ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მათ იესუ: თქუენ იტყჳთ, ვითარმედ მე ვარ.

71 და მათ თქუეს: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმის პირისაგან მაგისისა.

23:1 და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა.

ფილიპ. 2:5–11 · დას. 240

ღმრთისმშობ.

2:5 ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ.

6 რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,

7 არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი;

8 დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა.

9 ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა,

10 რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი,

11 და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.

ლკ. 10:38–42; 11:27–28 · დას. 54

ღმრთისმშობ.

10:38 და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა.

39 და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა.

40 ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე.

41 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ.

42 ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.

11:27 და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი.

28 ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.