კოლ. 1:1–2, 7–11 · დას. 249
რიგისა
1:1 პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, და ტიმოთე ძმაჲ
2 კოლასეს შინა წმიდათა და მორწმუნეთა ძმათა ქრისტე იესუჲს მიერ:
7 ვითარცა-იგი ისწავეთ ეპაფრაჲსგან, საყუარელისა თანა-მონისა ჩუენისა, რომელ-იგი არს სარწმუნოჲ თქუენდა მიმართ მსახური ქრისტესი,
8 რომელმანცა მაუწყა ჩუენ თქუენი ეგე სიყუარული სულითა.
9 ამისთჳს ჩუენცა, ვინაჲთ დღითგან გუესმა, არა დავსცხრებით თქუენთჳს ლოცვითა და თხოვითა, რაჲთა აღივსნეთ მეცნიერებითა ნებისა მისისაჲთა, ყოვლითა სიბრძნითა და გულისხმის-ყოფითა სულიერითა,
10 რაჲთა ხჳდოდით თქუენ ღირსად ღმრთისა ყოველსავე სათნოებასა ყოვლითა საქმითა კეთილითა ნაყოფიერნი და აღორძინებულნი მეცნიერებასა ღმრთისასა,
11 ყოვლითა ძალითა განძლიერებულნი სიმტკიცისაებრ დიდებისა მისისა, ყოვლისა მიმართ მოთმინებისა და სულგრძელებისა, სიხარულით,
ლკ. 11:1–10 · დას. 55
რიგისა
11:1 და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა.
2 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.
3 პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ.
4 და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.
5 და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი,
6 რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას.
7 მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა.
8 გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას.
9 ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ.
10 რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.
გალ. 1:11–19 · დას. 200
მოც.
1:11 ხოლო გაუწყებ თქუენ, ძმანო, სახარებასა მას, რომელი-იგი გეხარა ჩემ მიერ, რამეთუ არა არს კაცობრივ,
12 და რამეთუ არცაღა მე კაცისა მიერ მოვიღე იგი გინა ვისწავე, არამედ გამოცხადებითა იესუ ქრისტესითა.
13 რამეთუ გესმინა თქუენ ოდესმე სლვაჲ ჩემი ჰურიაებასა შინა, რამეთუ გარდარეულად ვსდევნიდ ეკლესიათა ღმრთისათა და ვტყუენევდი მათ.
14 და წარვემატებოდე ჰურიაებასა შინა უფროჲს მრავალთა ჰასაკისა სწორთა ჩემთა ნათესავთა შინა ჩემთა, უმეტეს მოშურნე ვიყავ მამულთა ჩემთათჳს მოძღრუებათა.
15 ხოლო რაჟამს სათნო-იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე დედის მუცლით ჩემითგან და მიწოდა მე მადლითა მისითა
16 გამოცხადებად ძე მისი ჩემ მიერ, რაჲთა ვახარო იგი წარმართთა შორის, მეყსეულად არა ვაუწყე იგი ჴორცთა და სისხლთა,
17 არცა აღვედ იერუსალჱმდ მათდა, რომელნი-იგი იყვნეს უწინარეს ჩემსა მოციქულნი, არამედ მივედ არაბიად და კუალად მოვიქეც დამასკედ.
18 და მერმე შემდგომად სამისა წლისა აღვედ იერუსალჱმდ ხილვად პეტრესა და ვიყავ მის თანა ათხუთმეტ დღე.
19 ხოლო სხუაჲ მოციქულთაგანი არავინ ვიხილე გარნა იაკობ, ძმაჲ უფლისაჲ.
მთ. 13:54–58 · დას. 56
მოც.
13:54 და მოვიდა მამულად თჳსად და ასწავებდა მათ შესაკრებელთა შორის მათთა, ვიდრემდის განუკჳრდებოდა მათ და იტყოდეს: ვინაჲ არს ამისა სიბრძნე ესე და ძალი?
55 ანუ არა ესე არს ხუროჲსა მის ძე? ანუ არა დედასა მისსა ჰრქჳან მარიამ? და ძმანი მისნი იაკობ და იოსებ და სიმონ და იუდა?
56 და დანი მისნი არა ყოველნი ჩუენ შორის არიანა? ვინაჲ უკუე არს ამისა ესე ყოველი?
57 და დაჰბრკოლდებოდეს მისთჳს. ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ, გარნა სოფელსა თჳსსა და სახლსა შინა თჳსსა.
58 და არა ქმნნა მუნ ძალნი მრავალნი ურწმუნოებისა მათისათჳს.