გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4იაკ. 4:7 – 5:9 · დას. 56

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

იაკ. 4:7 – 5:9 · დას. 56 · მკ. 11:27–33 · დას. 52 · ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330 · ლკ. 12:8–12 · დას. 64

3 თებერვალი 2011ხმა 3

მკითხველი

იაკ. 4:7 – 5:9 · დას. 56

რიგისა

4:7 დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან.

8 მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო.

9 დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.

10 დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ.

11 ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს სჯულსა და სჯის სჯულსა; უკუეთუ სჯულსა ჰსჯი, არა ხარ მყოფელ სჯულისა, არამედ განმკითხველ.

12 ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?

13 აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ.

14 რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლი ხართ, რომელნი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის.

15 ამის წილ რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ და ვყოთ ესე გინა იგი.

16 ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს.

17 რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა.

5:1 აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა.

2 სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს.

3 ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ჴორცთა თქუენდა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა.

4 აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის.

5 იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა.

6 დასაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ.

7 სულ-გრძელ უკუე იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და სულ-გრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი.

8 სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლოებულ არს.

9 ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა, განმკითხველი წინაშე კართა დგას.

მკ. 11:27–33 · დას. 52

რიგისა

11:27 და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი.

28 და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი?

29 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას:

30 ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ მე.

31 ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?

32 და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო.

33 და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. და მიუგო მათ იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ.

ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330

ღირ.

11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;

34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.

35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.

36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;

37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,

38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.

39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,

40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.

12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.

2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.

ლკ. 12:8–12 · დას. 64

ღირ.

12:8 ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.

9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.

10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს.

11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ,

12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.