გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4იაკ. 4:7 – 5:9 · დას. 56

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

იაკ. 4:7 – 5:9 · დას. 56 · მკ. 9:10–16 · დას. 39 · ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330 · ლკ. 11:47 – 12:1 · დას. 62

30 დეკემბერი 2010ხმა 6

მკითხველი

იაკ. 4:7 – 5:9 · დას. 56

რიგისა

4:7 დაემორჩილენით ღმერთსა და წინა-აღუდეგით ეშმაკსა, და ივლტოდის თქუენგან.

8 მიეახლენით ღმერთსა, და მოგეახლოს თქუენ. განიწმიდენით ჴელნი, ცოდვილნო, და უბიწო ყვენით გულნი, ორგულნო.

9 დამდაბლდით და ტიროდეთ და იგლოვდით. სიცილი თქუენი გლოვად გარდაიქეცინ და სიხარული თქუენი მწუხარებად.

10 დამდაბლდით წინაშე უფლისა, და აღგამაღლნეს თქუენ.

11 ნუ ძჳრსა იტყჳთ, ძმანო ჩემნო, ურთიერთას. რომელი ძჳრსა იტყოდის ძმისათჳს და განიკითხვიდეს ძმასა თჳსსა, განიკითხავს სჯულსა და სჯის სჯულსა; უკუეთუ სჯულსა ჰსჯი, არა ხარ მყოფელ სჯულისა, არამედ განმკითხველ.

12 ერთი არს სჯულის მდებელი და განმკითხველი, რომელი შემძლებელ არს ცხორებად და წარწყმედად. შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ მოყუასსა?

13 აწ უკუე თქუენცა, რომელნი-ეგე იტყჳთ: დღეს გინა ხვალე წარვიდეთ მას რომელსამე ქალაქსა და დავყოთ მუნ წელიწადი ერთი და ვივაჭროთ და შევიძინოთ.

14 რომელთა-ეგე არა იცით ხვალისაჲ, რამეთუ ვითარი არს ცხორებაჲ თქუენი? ვითარცა კუამლი ხართ, რომელნი მცირედ ჟამ ჩანნ და მერმე განქარდის.

15 ამის წილ რომელი გიღირს თქუენ თქუმად: უკუეთუ უფალსა უნდეს და ვცხონდეთ და ვყოთ ესე გინა იგი.

16 ხოლო აწ იქადით სილაღითა თქუენითა, ყოველივე სიქადული ესევითარი ბოროტ არს.

17 რომელმან იცოდის კეთილი საქმე და არა ქმნეს, ცოდვა არს მისა.

5:1 აწ უკუე თქუენცა, მდიდარნო, ტიროდეთ და გოდებდით უბადრუკებათა მათთჳს თქუენ ზედა მომავალთა.

2 სიმდიდრე თქუენი დალპოლვილ არს, სამოსელი თქუენი მღილთა დაუჭამიეს.

3 ოქროჲ თქუენი და ვეცხლი თქუენი დაგესლებულ არს და გესლი იგი მათი საწამებელად თქუენდა იყოს და შესჭამდეს ჴორცთა თქუენდა ვითარცა ცეცხლი. დაიუნჯეთ დღეთა მათ უკუანაჲსკნელთა.

4 აჰა ესერა, სასყიდელი მოქმედთთაჲ მათ, რომელთა განლეწეს ყანაჲ თქუენი, დაკლებული იგი თქუენგან ღაღადებს და ღაღადებაჲ იგი მომკალთაჲ მათ ყურთა უფლისა საბაოთისათა მიიწევის.

5 იშუებდით ქუეყანასა ზედა და განსცხრებოდეთ. განჰზარდენით ჴორცნი თქუენნი ვითარცა დღედ დაკლვისა.

6 დასაჯეთ და მოჰკალთ მართალი იგი და არა წინა-აღგიდგა თქუენ.

7 სულ-გრძელ უკუე იქმნენით, ძმანო, ვიდრე მოსლვადმდე უფლისა. აჰა ესერა მუშაკი მოელის პატიოსანსა ნაყოფსა ქუეყანისასა და სულ-გრძელ არს მას ზედა, ვიდრემდის მოიღოს წჳმაჲ მსთუაჲ და მცხუედი.

8 სულ-გრძელ იქმნენით თქუენცა, განიმტკიცენით გულნი თქუენნი, რამეთუ მოსლვაჲ უფლისაჲ მოახლოებულ არს.

9 ნუ სულთ-ითქუამთ, ძმანო, ურთიერთას, რაჲთა არა განიკითხნეთ. აჰა ესერა, განმკითხველი წინაშე კართა დგას.

მკ. 9:10–16 · დას. 39

რიგისა

9:10 და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ: რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს?

11 და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს პირველად მოსლვაჲ?

12 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს.

13 არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას, რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს.

14 და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი გამოეძიებდეს მათ თანა.

15 და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკჳრდა და მორბიოდეს და მოიკითხეს იგი.

16 და ჰკითხა მწიგნობართა მათ და ჰრქუა: რასა გამოეძიებთ ურთიერთას?

ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330

წინასწარმეტ.

11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;

34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.

35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.

36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;

37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,

38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.

39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,

40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.

12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.

2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.

ლკ. 11:47 – 12:1 · დას. 62

წინასწარმეტ.

11:47 ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წანაჲსწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოსწყჳდნეს იგინი.

48 ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფვით საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ.

49 ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყჳდნენ და დევნნენ.

50 რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან,

51 სისხლითგან აბელისით, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან.

52 ვაჲ თქუენდა, სჯულის-მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ არა შე-ხუალთ და შემავალთა აყენებთ.

53 და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა.

54 და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი.

12:1 რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ.