გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 42 თეს. 1:10 – 2:2 · დას. 274

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

2 თეს. 1:10 – 2:2 · დას. 274 · ლკ. 11:1–10 · დას. 55 · ეფ. 6:10–17 · დას. 233 · ლკ. 21:12–19 · დას. 106

9 ნოემბერი 2010ხმა 7

მკითხველი

2 თეს. 1:10 – 2:2 · დას. 274

რიგისა

1:10 რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა, რამეთუ სარწმუნო იქმნა წამებაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ მას დღესა შინა,

11 რომლისათჳს ვილოცავთ მარადის თქუენთჳს, რაჲთა ღირს გყვნეს თქუენ ღმერთმან ჩინებისა მის და აღგავსნეს ყოვლითა სათნოებითა სახიერებისაჲთა, საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა,

12 რაჲთა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ, მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაჲთა და უფლისა იესუ ქრისტესითა.

2:1 ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ,

2 რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ.

ლკ. 11:1–10 · დას. 55

რიგისა

11:1 და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა.

2 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.

3 პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ.

4 და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

5 და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი,

6 რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას.

7 მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა.

8 გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას.

9 ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ.

10 რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.

ეფ. 6:10–17 · დას. 233

მოწ.

6:10 ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,

11 შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.

12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.

13 ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.

14 მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.

15 და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.

16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;

17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;

ლკ. 21:12–19 · დას. 106

მოწ.

21:12 ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.

13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.

14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.

15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.

16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.

17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.

18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.

19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.