ინ. 21:1–14 · დას. 66
აღდგომის მე-10 სახარება
21:1 ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ:
2 იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი.
3 ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: წარვიდე სათხევლობად. ჰრქუეს მას: მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ იპყრეს.
4 და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს.
5 ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა? მიუგეს და ჰრქუეს: არა.
6 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე ეგე მარჯუენით კერძო ნავისა მაგის და ჰპოოთ. ხოლო მათ სდვეს ბადე იგი და ვერღარა ეძლო გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა.
7 ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს, ვითარმედ: უფალი არს. ხოლო სიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს, მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად.
8 ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდოდეს, რამეთუ არა შორს იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას თევზითა სავსესა.
9 და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და პური.
10 ჰრქუა მათ იესუ: მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ.
11 აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი.
12 ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და ისადილენით. და არავინ იკადრა მოწაფეთაგანმან კითხვად მისა, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს.
13 მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი იგი ეგრეთვე.
14 ესე სამ-გზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა მკუდრეთით.
გალ. 2:16–20 · დას. 203
რიგისა
2:16 და უწყით, რამეთუ არა განმართლდების კაცი საქმეთაგან შჯულისათა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა, და ჩუენ იესუ ქრისტეს მიმართ გურწმენა, რაჲთა განვმართლდეთ სარწმუნოებითა ქრისტესითა და არა საქმეთაგან შჯულისათა; რამეთუ საქმეთაგან შჯულისათა არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი.
17 უკუეთუ მით ვეძიებდეთ განმართლებასა ქრისტეს მიმართ, ვიპოვნეთ ჩუენცა ცოდვილ; აწ უკუე ქრისტე ცოდვისა-მე მსახურ იქმნა? ნუ იყოფინ!
18 რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი დავარღჳე და კუალად მასვე ვაშენებდე, გარდამავალად შჯულისა თავი ჩემი შევირაცხო.
19 რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე. ქრისტეს თანა ჯუარ-ცუმულ ვარ.
20 ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე. ხოლო რომელ-ესე აწ ცხოველ ვარ ჴორცითა, სარწმუნოებითა ცხოველ ვარ ძისა ღმრთისაჲთა, რომელმან შემიყუარა მე და მისცა თავი თჳსი ჩემთჳს.
ლკ. 6:31–36 · დას. 26
რიგისა
6:31 და ვითარცა-იგი თქუენ გნებავს, რაჲთა გიყონ კაცთა, თქუენცა ეგრეთვე მსგავსად უყოფდით მათ.
32 და უკუეთუ გიყუარდენ თქუენ მოყუარენი თქუენნი, რაჲ არს მადლი თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა მოყუარეთა მათთა ჰყუარობენ.
33 და უკუეთუ კეთილის-მყოფელთა თქუენთა კეთილსა უყოფდეთ, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ამას ჰყოფენ.
34 და უკუეთუ ავასხებდეთ მათ, რომელთაგან ესავთ კუალად მოღებასა, რომელი მადლი არს თქუენდა? რამეთუ ცოდვილნიცა ცოდვილთა ავასხებენ, რაჲთა მოიღონ სწორი.
35 ხოლო თქუენ გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით და ავასხებდით და ნურარას უსასო ჰყოფთ, და იყოს სასყიდელი თქუენი მრავალ, და იყვნეთ ძე მაღლის, რამეთუ იგი თავადი ტკბილ არს უმადლოთათჳსცა და უკეთურთა.
36 იყვენით თქუენ მოწყალე, ვითარცა მამაჲ თქუენი მოწყალე არს.
ებრ. 13:7–16 · დას. 334
მღვდელმოწ.
13:7 მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა.
8 იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.
9 მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა.
10 მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ.
11 რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას.
12 ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო.
13 აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ.
14 რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ.
15 ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა.
16 ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.
ლკ. 12:32–40 · დას. 67
მღვდელმოწ.
12:32 ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი.
33 განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის-საქმე და ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის.
34 სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი.
35 იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი აღნთებულ.
36 და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს, მეყსეულად განუყონ მას.
37 ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და პოვნეს იგინი მღჳძარენი. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ.
38 დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი.
39 ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან, რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა თჳსისა.
40 და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს.