1 კორ. 1:3–9 · დას. 123
რიგისა
1:3 მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა და უფლისა იესუ ქრისტესა.
4 ვჰმადლობ ღმერთსა ჩემსა მარადის თქუენთჳს მადლსა მას ზედა ღმრთისასა, მოცემულსა თქუენდა ქრისტე იესუჲს მიერ.
5 რამეთუ ყოვლითა განჰმდიდრდით მას შინა, ყოვლითა სიტყჳთა და ყოვლითა მეცნიერებითა,
6 ვითარცა წამებაჲ იგი ქრისტესი განმტკიცნა თქუენ შორის,
7 რაჲთა თქუენ არარაჲთ ნაკლულევან იყვნეთ არცა ერთითა მადლითა და მოელოდით გამოჩინებასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.
8 რომელმანცა დაგამტკიცნეს თქუენ ვიდრე აღსასრულადმდე უბრალონი დღესა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა.
9 სარწმუნო არს ღმერთი, რომლისა მიერ იჩინენით ზიარებასა მას ძისა მისისასა იესუ ქრისტეს უფლისა ჩუენისასა.
მთ. 19:3–12 · დას. 78
რიგისა
19:3 მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს ბრალისა?
4 ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა, რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი?
5 და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც,
6 ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს.
7 ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი განტევებისაჲ მიცემად და განტევებად?
8 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო.
9 ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული შეირთოს, იგიცა იმრუშებს.
10 ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა შეჰგავს ქორწინებაჲ.
11 ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს.
12 რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ.
გალ. 4:8–21 · დას. 210
მართლ.
4:8 არამედ მაშინ არა იცოდეთ ღმერთი და ჰმონებდით მათ, რომელნი-იგი არა იყვნეს ბუნებით ღმერთ.
9 ხოლო აწ იცანთ ღმერთი, უფროჲსღა გიცნნა თქუენ ღმერთმან, ვითარ მიიქცევით კუალად უძლურისა მის და გლახაკისა წესისა, რომელთაჲ კუალად ზემოჲთვე გნებავს მონებად?
10 დღეთა იზმნით და თთუეთა, ჟამთა და წელთა.
11 მეშინის მე თქუენთჳს, ნუუკუე ცუდად დავშუერ თქუენდა მიმართ.
12 იქმნენით, ვითარცა მე, რამეთუ მე ვიყავ, ვითარცა თქუენ. ძმანო, გევედრები თქუენ, არარაჲ შემცოდეთ მე.
13 ხოლო ესე იცით, რამეთუ უძლურებითა ჴორცთაჲთა გახარე თქუენ პირველად;
14 და განსაცდელი იგი ჴორცთა ჩემთაჲ არა შეურაცხ-ჰყავთ, არცა მოიძაგეთ, არამედ, ვითარცა ანგელოზი ღმრთისაჲ, შემიწყნარეთ მე, ვითარცა ქრისტე იესუ.
15 რაჲ-მე უკუე იყო ნეტარებაჲ იგი თქუენი, რამეთუ გეწამები თქუენ, ვითარმედ, შე-თუმცა-საძლებელ იყო, თუალნიმცა თქუენნი აღმოიჴადენით და მომცენით მე,
16 ვითარცა მტერ რაჲ-მე გექმენ თქუენ, რომელი-ესე ჭეშმარიტსა გეტყოდე თქუენ?
17 გეშურობდა თქუენ არა კეთილისათჳს, არამედ გარდაქცევაჲ თქუენი ჰნებავს, რაჲთა მათ ჰბაძვიდეთ.
18 ხოლო კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის, და ნუ მისვლასა მას ხოლო ჩემსა თქუენდა მიმართ,
19 შვილნო ჩემნო, რომელთათჳს კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის.
20 ხოლო მინდა მისლვად თქუენდა და აწ და ცვალებად ჴმაჲ ჩემი, რამეთუ განკჳრვებულ ვარ მე თქუენთჳს.
21 მითხარ-ღა მე, რომელთა-ეგე შჯულსა ქუეშე გნებავს ყოფაჲ, შჯული არა აღმოგიკითხავსა?
ლკ. 8:16–21 · დას. 36
მართლ.
8:16 არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაჲთა შემავალნი იგი ნათელსა ხედვიდენ.
17 რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს.
18 იხილეთ უკუე, ვითარ-ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო-ვე-ეღოს მას.
19 მოვიდეს მისა დედაჲ და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან.
20 უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაჲ შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაჲ შენი ჰნებავს.
21 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი ესე არიან, რომელთა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ისმინონ და ყონ იგი.