გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4საქ. 21:26–32 · დას. 46

დღის საკითხავები

ზატიკი

საქ. 21:26–32 · დას. 46 · ინ. 16:1–13 · დას. 53 · გალ. 3:23 – 4:5 · დას. 208 · მკ. 5:24–34 · დას. 21

18 მაისი 2010ხმა 6

მკითხველი

საქ. 21:26–32 · დას. 46

რიგისა

21:26 მაშინ პავლე წარიყვანნა კაცნი იგი მეორესა დღესა და მათ თანა განწმიდნა. და შევიდოდა ტაძარსა მითხრობად აღსრულებასა შჳდთა მათ დღეთა განწმედისათა, ვიდრემდის შეიწირა კაცად-კაცადისა მათისათჳს შესაწირავი.

27 ვითარცა აღესრულებოდეს შჳდნი იგი დღენი, რომელნი-იგი იყვნეს ასიაჲთ ჰურიანი, იხილეს იგი ტაძარსა შინა, შეაშფოთეს ყოველი იგი ერი და დაასხნეს მის ზედა ჴელნი მათნი.

28 და ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო ისრაიტელნო, შემეწიენით ჩუენ! ესე არს კაცი იგი, რომელი ერისა ამისთჳს და სჯულისა და ადგილისა ამისთჳს ყოველთა ყოველსა ადგილსა ასწავებს. და მერმე კუალად წარმართნიცა შეიყვანნა ტაძრად და შეაგინა ადგილი ესე წმიდაჲ.

29 რამეთუ ეხილვა წინაჲსწარ ტროფიმე ეფესელი მის თანა ქალაქსა შინა, რომლისასა ჰგონებდეს, ვითარმედ ტაძრად შეიყვანა პავლე.

30 აღიძრა ყოველი იგი ქალაქი და იყო შეკრებაჲ ერისაჲ და შფოთი დიდი, და შეიპყრეს პავლე და გამოითრევდეს გარე ტაძრისა მისგან, და მეყსეულად დაეჴშნეს კარნი.

31 და ვითარცა ეგულებოდა მოკლვაჲ მისი, მიიწია ჰამბავი ათასისთავისა მის გუნდისა, ვითარმედ ყოველი იერუსალჱმი შეკრებულ არს.

32 ხოლო მან მეყსეულად წარიყვანნა მჴედარნი და ასისთავნი და მიიწია მათ ზედა. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ათასისთავი იგი და მჴედარნი, დააცადეს ცემაჲ პავლესი.

ინ. 16:1–13 · დას. 53

რიგისა

16:1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.

2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.

3 და ესე გიყონ თქუენ, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი მამაჲ, არცა მე.

4 არამედ ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა რაჟამს მოიწიოს ჟამი იგი, მოიჴსენოთ მათი, რამეთუ მე გარქუ თქუენ. ესე პირველითგან არა გარქუ თქუენ, რამეთუ თქუენ თანა ვიყავ.

5 ხოლო აწ მივალ მომავლინებელისა ჩემისა, და არავინ თქუენგანი მკითხავს მე, ვითარმედ: ვიდრე ხუალ?

6 არამედ ამას რაჲ გეტყოდე თქუენ, მწუხარებამან აღავსნა გულნი თქუენნი.

7 არამედ მე ჭეშმარიტსა გეტყჳ თქუენ: უმჯობეს არს თქუენდა, რაჲთა მე წარვიდე; უკუეთუ მე არა წარვიდე, ნუგეშინის-მცემელი იგი არა მოვიდეს თქუენდა; უკუეთუ მე წარვიდე, მოვავლინო იგი თქუენდა.

8 და მოვიდეს იგი და ამხილოს სოფელსა ცოდვისათჳს და სიმართლისათჳს და სასჯელისათჳს:

9 ცოდვისათჳს ესრეთ, რამეთუ არა ჰრწმენა ჩემდა მომართ;

10 ხოლო სიმართლისათჳს, რამეთუ მე მამისა ჩემისა მივალ, და არღარა მხედვიდეთ მე;

11 ხოლო სასჯელისათჳს, რამეთუ მთავარი იგი ამის სოფლისაჲ დასჯილ არს.

12 ფრიადღა მაქუს სიტყუად თქუენდა, არამედ აწ არღარა ძალგიც ტჳრთვად.

13 ხოლო ოდეს მოვიდეს სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა, რამეთუ არა იტყოდის თავით თჳსით, არამედ რაოდენი-რაჲ ესმეს, იტყოდის და მომავალი იგი გითხრას თქუენ.

გალ. 3:23 – 4:5 · დას. 208

ქალწულმოწ.

3:23 ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე.

24 ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ.

25 ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ.

26 რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.

27 რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ.

28 არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.

29 ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი.

4:1 ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.

2 არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა.

3 ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ.

4 ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე,

5 რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ.

მკ. 5:24–34 · დას. 21

ქალწულმოწ.

5:24 და წარვიდა იესუ მის თანა. და მისდევდა მას ერი მრავალი და შეაურვებდეს მას.

25 და დედაკაცი ვინმე იყო მუნ, რომელი იყო წყაროჲთა სისხლისაჲთა გუემულ ათორმეტ წელ.

26 და ფრიად ვნებულ იყო იგი მრავალთაგან მკურნალთა და წარეგო ყოველივე მისი და არარაჲ სარგებელ ეყო, არამედ უფროჲსად უძჳრესად მოვიდა.

27 და ვითარცა ესმა იესუჲსთჳს, მოუჴდა მას ერსა მას შორის ზურგით კერძო და შეახო სამოსელსა მისსა,

28 რამეთუ იტყოდა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ სამოსელსა ოდენ მისსა შევეხო, ვცხონდე.

29 და ვითარცა შეეხო, მეყსეულად განჴმა წყაროჲ იგი სისხლისაჲ მის, და ცნა ჴორცთაგან, რამეთუ განიკურნა გუემულებისაგან.

30 ხოლო იესუ გულისჴმა-ყო მეყსეულად თავით თჳსით განსრული იგი ძალი მისგან, მოიქცა ერისა მის და თქუა: ვინ შემახო სამოსელსა ჩემსა?

31 ხოლო მოწაფენი მისნი ეტყოდეს მას: ხედავ ერსა ამას, რამეთუ შეგაჭირვებენ შენ, და შენ იტყჳ: ვინ შემახო მე?

32 და მიმოხედვიდა, რაჲთა იხილოს, რომელმან ესე ყო.

33 ხოლო დედაკაცსა მას შეეშინა და ძრწოდა, უწყოდა, რაჲ-იგი იქმნა მის ზედა, მოვიდა და შეუვრდა მას და უთხრა მას ყოველივე ჭეშმარიტი.

34 ხოლო თავადმან ჰრქუა მას: ასულო, სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშჳდობით და იყავ შენ ცოცხალ გუემულებისაგან შენისა.