გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 7ინ. 9:39 – 10:9 · დას. 35

დღის საკითხავები

ზატიკი

ინ. 9:39 – 10:9 · დას. 35 · საქ. 10:34–43 · დას. 26 · ინ. 8:12–20 · დას. 29 · ებრ. 13:17–21 · დას. 335 · ლკ. 6:17–23 · დას. 24 · გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213 · მთ. 11:27–30 · დას. 43

22 მაისი 2008ხმა 3

მკითხველი

ინ. 9:39 – 10:9 · დას. 35

ხსენებისა

9:39 და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ.

40 ესმა ესე ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა?

41 ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან.

10:1 ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი.

2 ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაჲ.

3 ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ჴმისა მისისაჲ ისმინიან, და თჳსთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი.

4 და ოდეს თჳსნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ჴმაჲ მისი.

5 ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ჴმაჲ უცხოჲსაჲ მის.

6 ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისჴმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ.

7 ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაჲ.

8 ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.

9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.

საქ. 10:34–43 · დას. 26

რიგისა

10:34 აღაღო პეტრე პირი თჳსი და თქუა: ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა,

35 არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს.

36 სიტყუაჲ იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაჱლისათა მახარებლად მშჳდობისა იესუ ქრისტეს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ.

37 თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან-იგი იწყო გალილეაჲთ შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე:

38 იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა.

39 და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალჱმს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა.

40 ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ,

41 არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა.

42 და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ.

43 ამას ყოველნი წინასწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ.

ინ. 8:12–20 · დას. 29

რიგისა

8:12 მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ.

13 ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ.

14 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ.

15 თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი.

16 უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ.

17 რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს.

18 მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ.

19 ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ.

20 ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.

ებრ. 13:17–21 · დას. 335

წმ.

13:17 დაემორჩილენით წინამძღუართა თქუენთა და ერჩდით მათ, რამეთუ იგინი იღჳძებენ სულთა თქუენთათჳს, ვითარცა-იგი სიტყუაჲ მისცენ; რაჲთა სიხარულით ამას ჰყოფდენ და არა სულთ-ითქუმიდენ, რამეთუ არა ადვილ არს ესე თქუენდა.

18 ილოცევდით ჩუენთჳსცა, რამეთუ გურწამს, ვითარმედ კეთილი გონებაჲ გუაქუს ყოველსა შინა კეთილად გუნებავს სლვად.

19 უმეტესადღა გლოცავ ამას ყოფად, რაჲთა ადრე მოვიდე თქუენდა.

20 ხოლო ღმერთმან მშჳდობისამან, რომელმან აღმოიყვანა მკუდრეთით მწყემსი იგი ცხოვართაჲ დიდი სისხლითა მით აღთქუმისა საუკუნოჲსაჲთა - უფალი ჩუენი იესუ ქრისტე,

21 დაგამტკიცენინ თქუენ ყოვლითა საქმითა კეთილითა ყოფად ნებისა მისისა, რომელმან ყვის სათნოებაჲ მისი ჩუენ შორის წინაშე მისსა ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისა არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.

ლკ. 6:17–23 · დას. 24

წმ.

6:17 და გარდამოვიდა მათ თანა და დადგა ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით,

18 რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს.

19 და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა.

20 და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ;

21 ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით;

22 ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა.

23 გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა, რამეთუ ესრეთვე უყოფდეს წინაწარმეტყუელთა მამანი მათნი.

გალ. 5:22 – 6:2 · დას. 213

ღირ.

5:22 ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ,

23 მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული.

24 ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით.

25 უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ.

26 ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე.

6:1 ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო.

2 ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.

მთ. 11:27–30 · დას. 43

ღირ.

11:27 ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების.

28 მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ.

29 აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ.

30 რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.