გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 7მთ. 28:16–20 · დას. 116

დღის საკითხავები

ქრისტეს აღდგომის ხსენება

მთ. 28:16–20 · დას. 116 · ეფ. 4:7–13 · დას. 224 · მთ. 4:12–17 · დას. 8 · კოლ. 3:4–11 · დას. 257 · ლკ. 17:12–19 · დას. 85 · საქ. 19:1–8 · დას. 42 · ინ. 1:29–34 · დას. 3

20 იანვარი 2008ხმა 1

მკითხველი

მთ. 28:16–20 · დას. 116

აღდგომის 1-ლი სახარება

28:16 ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ.

17 იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს.

18 მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა.

19 წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა,

20 და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.

ეფ. 4:7–13 · დას. 224

ნათლისღების შემდგომი კვირისა

4:7 ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა.

8 რომლისათჳს იტყჳს: აღჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა.

9 ხოლო „აღსლვაჲ იგი“ რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა ქუეყანისათა?

10 რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს ყოველნი.

11 და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაწარმეტყუელნი, რომელნიმე მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი

12 დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა,

13 ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა სავსებისა მის ქრისტესისა,

მთ. 4:12–17 · დას. 8

ნათლისღების შემდგომი კვირისა

4:12 ხოლო ესმა რაჲ იესუს, ვითარმედ იოვანე მიეცა, განეშორა და წარვიდა გალილეად.

13 და დაუტევა ნაზარეთი და მოვიდა და დაემკჳდრა კაპერნაუმს, საზღვართა ზაბულონისთა და ნეფთალემისთა,

14 რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი ესაია წინასწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს:

15 ქუეყანაჲ ზაბულონისი და ქუეყანაჲ ნეფთალემისი, გზაჲ ზღჳსაჲ წიაღ-იორდანესა, გალილეაჲ წარმართთაჲ.

16 ერი რომელი სხდა ბნელსა, იხილა ნათელი დიდი, და რომელნი სხდეს სოფელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა, ნათელი აღმოუბრწყინდა მათ.

17 მიერითგან იწყო იესუ ქადაგებად და სიტყუად: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.

კოლ. 3:4–11 · დას. 257

რიგისა

3:4 რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა.

5 მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ,

6 რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა,

7 რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხონდებოდეთ მათ შინა.

8 ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა.

9 ნუ უტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ

10 და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა,

11 სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე.

ლკ. 17:12–19 · დას. 85

რიგისა

17:12 და შე-რაჲ-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს.

13 და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ!

14 და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან.

15 ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა.

16 და დავარდა წინაშე ფერჴთა იესუჲსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი.

17 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და ცხრანი იგი სადა არიან?

18 ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე?

19 და ჰრქუა მას: აღდეგ და წერვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ.

საქ. 19:1–8 · დას. 42

ნათლისმცემელი.

19:1 იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძო იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი

2 და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს.

3 ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა.

4 ჰრქუა მათ პავლე: იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე.

5 ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა.

6 და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს.

7 ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ.

8 შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე, ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა.

ინ. 1:29–34 · დას. 3

ნათლისმცემელი.

1:29 ხვალისაგან იხილა იოვანე იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი.

30 ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს.

31 და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად.

32 და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა.

33 და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა.

34 და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ.