გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 42 ტიმ. 3:1–9 · დას. 295

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

2 ტიმ. 3:1–9 · დას. 295 · ლკ. 20:46 – 21:5 · დას. 103 · ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330 · ლკ. 12:8–12 · დას. 64

3 თებერვალი 2007ხმა 8

მკითხველი

2 ტიმ. 3:1–9 · დას. 295

რიგისა

3:1 ხოლო ესე უწყოდე, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოიწინენ ჟამნი ბოროტნი.

2 და იყვნენ კაცნი თავის მოყუარე, ვეცხლის მოყუარე, ლაღ, თავმოთნე, ამპარტავან, მგმობარ, მამა-დედისა ურჩ, უმადლო, უღირს, უყუარულ,

3 უწირავ, მასმენელ, უთმინო, დაუმჭირველ, უზავ, დაუმშჳდებელ, კეთილის მოძულე,

4 შინა-განმცემელ, წარმდებ, აღზუავებულ, გულის თქუმის მოყუარე უფროჲს, ვიდრე ღმრთის მოყუარე.

5 აქუნდეს ხატი ღმრთის მსახურებისაჲ და ძალსა მისსა უარ-ჰყოფდენ. და ამათგანცა განეშორე.

6 რამეთუ ამათგანნი არიან, რომელნი შევლენან სახლებსა და გამოსტყუენვენ დედათა, შეკრებულთა ცოდვითა, მოიპოვებენ გულის თქუმათა თჳთო-სახეთა

7 და ყოვლადვე ისწავებენ და არასადა მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა შემძლებელ არიან მოსვლად.

8 ვითარცა-იგი იანე და იამბრე უჴდებოდეს მოსეს, ეგრეთცა ესენი უჴდებიან ჭეშმარიტებასა, კაცნი განხრწნილნი გონებითა, გამოუცდელნი სარწმუნოებითა.

9 გარნა არა წარემატნენ უფროჲს, რამეთუ უგუნურებაჲ მათი ცხად იყოს ყოველთადა, ვითარცა-იგი მათი იყო.

ლკ. 20:46 – 21:5 · დას. 103

რიგისა

20:46 ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა სლვაჲ და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მოკითხვაჲ და პირველად ჯდომაჲ კრებულსა შორის და ზემჯდომაჲ პურსა ზედა,

47 რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცვედ. ამათ მოიღონ უმეტესი სასჯელი.

21:1 და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი.

2 და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი,

3 და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა,

4 რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.

5 და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ:

ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330

ღირ.

11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;

34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.

35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.

36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;

37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,

38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.

39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,

40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.

12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.

2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.

ლკ. 12:8–12 · დას. 64

ღირ.

12:8 ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.

9 და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა.

10 და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს.

11 და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ,

12 რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.