გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 41 კორ. 4:1–5 · დას. 130

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

1 კორ. 4:1–5 · დას. 130 · მთ. 23:1–12 · დას. 93 · ებრ. 13:7–16 · დას. 334 · ინ. 10:9–16 · დას. 36

16 სექტემბერი 2006ხმა 4

მკითხველი

1 კორ. 4:1–5 · დას. 130

რიგისა

4:1 ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი.

2 ხოლო აქა ამიერითგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაჲთა სარწმუნო ვინმე იპოვოს.

3 ხოლო ჩემდა საწუნელება არს, უკუეთუ თქუენ მიერ განვიკითხო გინა თუ კაცობრივისაგან დღისა; არამედ არცაღა თავსა ჩემსა განვიკითხავ.

4 რამეთუ არარაჲ თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვმართლდები; ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს.

5 ამისთჳს ნუ წინაწარ ჟამსა რას განიკითხავთ, ვიდრემდის მოვიდეს უფალი, რომელმანცა განანათლოს დაფარული იგი ბნელისაჲ და განაცხადნეს ზრახვანი იგი გულთანი, და მაშინ ქებაჲ იყოს კაცად-კაცადისაჲ ღმრთისა მიერ.

მთ. 23:1–12 · დას. 93

რიგისა

23:1 მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა

2 და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი.

3 ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა ყვიან.

4 რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად იგი.

5 და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა; განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი.

6 უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ შესაკრებელსა შორის

7 და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდიან კაცნი: რაბი, რაბი!

8 ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ.

9 და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა.

10 ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი – ქრისტე.

11 ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ.

12 ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს.

ებრ. 13:7–16 · დას. 334

მღვდელმოწ.

13:7 მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა.

8 იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.

9 მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა.

10 მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ.

11 რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას.

12 ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო.

13 აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ.

14 რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ.

15 ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა.

16 ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.

ინ. 10:9–16 · დას. 36

მღვდელმოწ.

10:9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.

10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.

11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს.

12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი.

13 ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს.

14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.

15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.

16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.