გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ინ. 21:15–25 · დას. 67

დღის საკითხავები

ზატიკი

ინ. 21:15–25 · დას. 67 · საქ. 9:20–31 · დას. 22 · ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52 · საქ. 12:1–11 · დას. 29 · ლკ. 5:1–11 · დას. 17

13 მაისი 2006ხმა 2

მკითხველი

ინ. 21:15–25 · დას. 67

ხსენებისა

21:15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი.

16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.

17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.

18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.

19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.

20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?

21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?

22 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.

23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?

24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.

25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.

საქ. 9:20–31 · დას. 22

რიგისა

9:20 და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ: ესე არს ძე ღმრთისაჲ.

21 და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი-იგი ტყუენვიდა იერუსალჱმს შინა, რომელნი ხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთ მოძღუართა თანა?

22 ხოლო სავლე უფროჲს განძლიერდებოდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს დამასკეს შინა და გულისჴმა-უყოფდამ ვითარმედ: ესე არს ქრისტე.

23 ვითარცა აღესრულნეს დღენი მრავალნი, განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლვაჲ მისი.

24 და ეუწყა სავლეს ძჳრისზრახვაჲ მათი, რამეთუ სცვიდეს ბჭეთა დღე და ღამე, რაჲთამცა ვითარ მოკლეს იგი.

25 და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამე და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფჳრიდითა.

26 და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალჱმდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ; და ყოველთა ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე.

27 ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას და ვითარ-იგი დამასკეს შინა განეცხადა სახელითა იესუჲსითა.

28 და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალჱმს და განეცხადებოდა სახელითა უფლისა იესუჲსითა.

29 ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა, ხოლო იგინი განიზრახვიდეს მოკლვასა მისსა.

30 და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ.

31 ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს.

ინ. 15:17 – 16:2 · დას. 52

რიგისა

15:17 ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.

18 უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა.

19 უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა.

20 მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ.

21 არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი.

22 უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს.

23 რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს.

24 უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი.

25 არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად.

26 ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს.

27 და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ.

16:1 ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ.

2 კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.

საქ. 12:1–11 · დას. 29

მოც.

12:1 მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა

2 და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.

3 და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი.

4 და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.

5 და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.

6 რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას.

7 და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა.

8 ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე.

9 და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.

10 და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი.

11 და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა.

ლკ. 5:1–11 · დას. 17

მოც.

5:1 და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.

2 და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.

3 და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.

4 და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სჳმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად.

5 მიუგო სჳმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე.

6 და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.

7 და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.

8 და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო.

9 რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.

10 ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.

11 და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.