გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ინ. 21:15–25 · დას. 67

დღის საკითხავები

ქრისტეს აღდგომის ხსენება

ინ. 21:15–25 · დას. 67 · 1 ტიმ. 4:9–15 · დას. 285 · ლკ. 19:1–10 · დას. 94 · ებრ. 13:7–16 · დას. 334 · ინ. 10:9–16 · დას. 36

5 თებერვალი 2006ხმა 8

მკითხველი

ინ. 21:15–25 · დას. 67

აღდგომის მე-11 სახარება

21:15 და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი.

16 ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.

17 კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.

18 ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს.

19 ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე.

20 მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ?

21 ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაჲ?

22 ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ.

23 და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ?

24 ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი.

25 და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები.

1 ტიმ. 4:9–15 · დას. 285

რიგისა

4:9 სარწმუნო არს სიტყუაჲ და ყოვლისა შეწყნარებისა ღირს.

10 რამეთუ ამისთჳს ვშურებით და ვიყუედრებით, რამეთუ ვესავთ ღმერთსა ცხოველსა, რომელ არს მაცხოვარი ყოველთა კაცთაჲ, უფროჲსღა მორწმუნეთაჲ.

11 ამცნებდ ამას და ასწავებდ.

12 ნუმცა ვინ სიჭაბუკესა შენსა შეურაცხ-ჰყოფნ; არამედ სახე ექმენ მორწმუნეთა მათ სიტყჳთა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა.

13 ვიდრემდე მოვიდე, ეკრძალე საკითხავსა, ნუგეშინის-ცემასა, მოძღურებასა;

14 ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა.

15 ამას იწურთიდ და ამას შინა იყავ, რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა.

ლკ. 19:1–10 · დას. 94

რიგისა

19:1 და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ.

2 და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად.

3 და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე.

4 და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო.

5 და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.

6 და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.

7 და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად.

8 აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.

9 ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს.

10 რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

ებრ. 13:7–16 · დას. 334

მღვდელმოწ.

13:7 მოიჴსენენით წინამძღუარნი იგი თქუენნი, რომელნი გეტყოდეს თქუენ სიტყუათა მათ ღმრთისათა, და ჰხედევდით გამოსლვასა მას ცხორებისა მათისასა და ჰბაძევდით სარწმუნოებასა მათსა.

8 იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე.

9 მოძღურებასა მრავალ-სახესა და უცხოსა ნუ შეიწყნარებთ, რამეთუ კეთილად მადლითა განმტკიცებულ ხართ გულთა და არა საჭმლითა, რომლითა ვერაჲ ირგეს, რომელნი ვიდოდეს მას შინა.

10 მაქუს ჩუენ საკურთხეველი, რომლისაგან ჭამად ვერ ჴელ-ეწიფების, რომელნი-იგი კარავსა მას ჰმსახურებენ.

11 რომელსა-იგი შეიწირვის საცხოვართა სისხლი ცოდვათათჳს სიწმიდესა მას შინა მღდელთმოძღურისა მიერ, ამათნი იგი ჴორცნი დაიწუებოდეს გარეშე ბანაკსა მას.

12 ამისთჳსცა იესუ, რაჲთა წმიდა-ყოს თჳსითა სისხლითა ერი, გარეშე ბჭეთა ივნო.

13 აწ უკუე განვიდეთ მისა გარე ბანაკსა მას და ყუედრებაჲ იგი მისი მოვიღოთ.

14 რამეთუ არა მაქუს ჩუენ აქა საყოფელად ქალაქი, არამედ მერმესა მას ვეძიებთ.

15 ამისთჳს შევსწირავთ მსხუერპლსა ქებისასა მარადის ღმრთისა, ესე იგი არს ნაყოფსა ბაგეთა და აღსარებასა სახელისა მისისასა.

16 ხოლო კეთილისა საქმესა და ზიარებასა ნუ დაივიწყებთ, რამეთუ ესევითარნი მსხუერპლნი სათნო არიან ღმრთისა.

ინ. 10:9–16 · დას. 36

მღვდელმოწ.

10:9 მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს.

10 ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაჲთა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაჲთა ცხორებაჲ აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს.

11 მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს.

12 ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თჳსნი, იხილის რაჲ მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი.

13 ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაჲ სჭირნ მას ცხოვართათჳს.

14 მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ.

15 ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაჲ და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს.

16 და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოჲსაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.