გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 4იაკ. 3:1–10 · დას. 54

დღის საკითხავები

საეკლესიო წლის რიგითი დღე

იაკ. 3:1–10 · დას. 54 · მკ. 10:2–12 · დას. 43 · გალ. 3:23 – 4:5 · დას. 208 · ლკ. 7:36–50 · დას. 33

4 იანვარი 2005ხმა 6

მკითხველი

იაკ. 3:1–10 · დას. 54

რიგისა

3:1 ნუ მრავალნი ჰმოძღურით, ძმანო ჩემნო! უწყოდეთ, რამეთუ უდიდესი სასჯელი მოვიღოთ.

2 რამეთუ ფრიად ვსცთებით ყოველნივე. რომელი სიტყჳთ არა სცთებოდის, იგი სრული კაცი არს, შემძლებელ არს იგი აღჳრ-სხმად ყოვლისავე გუამისა.

3 უკუეთუ ცხენსა აღჳრნი აღუსხნით დამორჩილებად ჩუენდა იგი, და ყოველი გუამი მისი მოვაქციით.

4 აჰა ესერა, ნავებიცა იგი დიდ-დიდები და ფიცხელთაგან ქართა მიმოტაცებულნი მოიქცევიან მცირისაგან საჭისა, ვიდრეცა-იგი ჰნებავნ მისლვად მმართებელსა მას მათსა.

5 ეგრეცა, ენაჲ მცირე ასოჲ არს და დიდად მაღლოის. აჰა ესერა, მცირემან ცეცხლმან რავდენი ნივთი აღაგზნის!

6 და ენაჲ ეგრეთვე ცეცხლ არს, სამკაული სიცრუისაჲ. ენაჲ დადგრომილ არს ასოთა შინა ჩუენთა, რომელი შეაგინებს ყოველსა გუამსა და აღაგზნებს ურმის თუალსა მას შესაქმისასა და აღგზნებულ არს გეჰენიისაგან.

7 რამეთუ ყოველივე ბუნებაჲ მჴეცთა და მფრინველთაჲ და ქუეწარმავალთაჲ და მცურვალთაჲ დაიმწყსების და დამწყსილ არს ბუნებასა ქუეშე კაცთასა.

8 ხოლო ენაჲ კაცთაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დამწყსად, დაუპყრობელი ბოროტი, სავსე გესლითა მაკუდინებელითა,

9 რამეთუ მით ვაკურთხევთ ღმერთსა და მამასა. და მითვე ვსწყევთ კაცთა, რომელნი მსგავსად ღმრთისა შექმნულ არიან.

10 მიერვე პირით გამოვალს კურთხევაჲ და წყევაჲ. არა ჯერ-არს, ძმანო ჩემნო საყუარელნო, ესე ესრეთ ყოფად.

მკ. 10:2–12 · დას. 43

რიგისა

10:2 ხოლო ფარისეველნი იგი მოუჴდეს და ჰკითხვიდეს მას: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა ცოლისა თჳსისა განტევებაჲ? და გამოსცდიდეს მას.

3 ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ვითარ გამცნო თქუენ მოსე?

4 ხოლო მათ ჰრქუეს: მოსე ბრძანა წიგნი განშორებისაჲ მიცემად და განტევებად.

5 მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გულფიცხელობისა თქუენისათჳს დაწერა მოსე მცნებაჲ ეგე.

6 ხოლო დასაბამითგან დაბადებისაჲთ მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი ღმერთმან და თქუა:

7 ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა,

8 და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც.

9 რომელნი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებნ.

10 და მერმე სახლსა რაჲ შინა იყო, კუალად მისვე სიტყჳსათჳს ჰკითხვიდეს მას მოწაფენი მისნი. ხოლო იესუ ჰრქუა მათ:

11 უკუეთუ განუტეოს ქმარმან ცოლი თჳსი და შეირთოს სხუაჲ, მან იმრუშა.

12 და ცოლი თუ განვიდეს ქმრისაგან და შეერთოს სხუასა, მანცა იმრუშა.

გალ. 3:23 – 4:5 · დას. 208

დიდმოწ.

3:23 ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე.

24 ვინაჲცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ.

25 ხოლო მო-რაჲ-იწია სარწმუნოებაჲ, არღარა მზარდულთა ქუეშე ვართ.

26 რამეთუ ყოველნი შვილნი ღმრთისანი ხართ სარწმუნოებითა ქრისტე იესუჲსითა.

27 რამეთუ რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ.

28 არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ.

29 ხოლო უკუეთუ თქუენ ქრისტესნი ხართ, აბრაჰამისნი ვიდრემე შვილნი ხართ და აღთქუმისა მისგან მკჳდრნი.

4:1 ხოლო ამას ვიტყჳ: რაოდენ ჟამ მკჳდრი იგი ყრმა არნ, არარაჲთ ჰმატნ მონასა, უფალ ღათუ არნ ყოვლისა.

2 არამედ ეზოჲს-მოძღუართა და მნეთა ქუეშე არნ ვიდრე ადგილად მოდგომადმდე მამისა თჳსისა.

3 ეგრეთცა ჩუენ, ვიდრე-იგი ყრმაღა ვიყვენით, წესთა მათ ქუეშე ამის სოფლისათა ვიყვენით დაკირთებულ.

4 ხოლო ოდეს მოიწია აღსასრული ჟამთაჲ, მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი, შობილი დედაკაცისაგან, და იქმნა იგი შჯულსა ქუეშე,

5 რაჲთა შჯულსა ქუეშე მყოფნი გამოიჴსნნეს და რაჲთა შვილებაჲ იგი მოვიღოთ.

ლკ. 7:36–50 · დას. 33

დიდმოწ.

7:36 ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა.

37 და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ.

38 და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.

39 ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.

40 მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე!

41 და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი.

42 და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ: ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?

43 მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე.

44 და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი თმითა თჳსითა წარჴოცნა;

45 ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა.

46 ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა.

47 რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.

48 და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!

49 და იწყეს თანა-მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?

50 ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳიდობით!