გულანი
საცდელი · 1.37.0
დღის საკითხავები 1 / 5ინ. 20:19–31 · დას. 65

დღის საკითხავები

ქრისტეს აღდგომის ხსენება

ინ. 20:19–31 · დას. 65 · 1 კორ. 3:9–17 · დას. 128 · მთ. 14:23–34 · დას. 59 · ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330 · ლკ. 21:12–19 · დას. 106

17 აგვისტო 2003ხმა 8

მკითხველი

ინ. 20:19–31 · დას. 65

აღდგომის მე-9 სახარება

20:19 და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისაჲ მის, და კარნი იგი დაჴშულ იყვნეს, სადა-იგი იყვნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ჰურიათაჲსა, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!

20 და ვითარცა ესე თქუა, უჩუენა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რაჲ უფალი.

21 ჰრქუა მათ იესუ კუალად: მშჳდობაჲ თქუენ თანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ.

22 და ვითარცა ესე თქუა შეჰბერა მათ და რჰქუა: მიიღეთ სული წმიდაჲ.

23 უკუეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ; და უკუეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ.

24 ხოლო თომა, ერთი იგი ათორმეტთაგანნი, რომელსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა, ოდეს-იგი მოვიდა იესუ.

25 უთხრობდეს მას სხუანი იგი მოწაფენი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩვენ უფალი. ხოლო მან ჰრქუა მათ: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახე იგი სამსჭუალთაჲ და დავსხნე თითნი ჩემნი ადგილსა მას სამსჭუალთასა და დავსდვა ჴელი ჩემი გუერდსა მისსა, არასადა მრწმენეს.

26 და შემდგომად რვისა დღისა კუალად იყვნეს მოწაფენი მისნი შინაგან, და თომაცა მათ თანა. და შევიდა იესუ კართა ჴშულთა და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!

27 მერმე ჰრქუა თომას: მოყვენ თითნი შენნი და იხილენ ჴელნი ჩემნი და მოიღე ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა და ნუ იყოფი ურწმუნო, არამედ გრწმენინ.

28 მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!

29 ჰრქუა მას იესუ: რამეთუ მიხილე და გრწამს; ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე.

30 მრავალნი სხუანიცა სასწაულნი ქმნნა იესუ წინაშე მოწაფეთა თჳსთა, რომელნი არა დაწერილ არიან წიგნსა ამას.

31 ხოლო ესე დაიწერა, რაჲთა გრწმენეს, რამეთუ იესუ არს ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ, და რაჲთა გრწმენეს და ცხორებაჲ გაქუნდეს სახელითა მისითა.

1 კორ. 3:9–17 · დას. 128

რიგისა

3:9 რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ; ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ.

10 მადლითა მით ღმთისაჲთა, მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთმოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხუაჲ იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ-ძი აშენებდეს.

11 რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელ არს იესუ ქრისტე.

12 უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკთა პატიოსანთა, ძელსა, თივასა, ლერწამსა,

13 კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს, რამეთუ ცეცხლითა გამოჩინებად არს; და კაცად-კაცადისა იგი საქმე, ვითარ-რაჲ იყოს, ცეცხლმან გამოცადოს.

14 რომლისა-იგი საქმე ეგოს, რომელ აღაშენა, სასყიდელი მოიღოს.

15 რომლისა-იგი საქმე დაიწუეს, იზღვიოს; ხოლო იგი განერეს და ეგრეთ განერეს, ვითარცა ცეცხლისაგან.

16 არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის?

17 რომელმან ტაძარი ღმრთისაჲ განხრწნეს, განხრწნეს იგიცა ღმერთმან; რამეთუ ტაძარი ღმრთისაჲ წმიდა არს, რომელ-ეგე ხართ თქუენ.

მთ. 14:23–34 · დას. 59

რიგისა

14:23 და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ.

24 ხოლო ნავი იგი განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო.

25 და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა მას ზედა.

26 ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს, ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს: ვითარმედ: საოცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღად-ყვეს.

27 მეყსეულად ეტყოდა მათ იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!

28 მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა.

29 ხოლო მან ჰრქუა: მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესუჲსა.

30 და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღად-ყო და თქუა: უფალო მიჴსენ მე!

31 და მეყსეულად განყო ჴელი იესუ და უპყრა მას და ჰრქუა: მცირედ-მორწმუნეო, რაჲსა შეორგულდი?

32 და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას შინა, დაცხრა ქარი იგი.

33 ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და თაყუანის-სცეს მას და ეტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ.

34 და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა.

ებრ. 11:33 – 12:2 · დას. 330

მოწ.

11:33 რომელნი სარწმუნოებით ერეოდეს მეფეთა; იქმოდეს სიმართლესა, მიემთხჳნეს აღთქუმათა; დაუყვნეს პირნი ლომთანი;

34 დაშრიტეს ძალი ცეცხლისაჲ, განერნეს პირსა მახჳლისასა; განძლიერდეს უძულებისაგან; იქმნეს ძლიერ ბრძოლასა შინა; ბანაკები აოტეს უცხო თესლთაჲ.

35 მოიყვანნეს დედათა აღდგომილნი მკუდარნი მათნი; ხოლო სხუანი წარკუეთითა თავთაჲთა აღესრულნეს; და არა მოიღეს მათ გამოჴსნაჲ, რაჲთა უმჯობესსა აღდგომასა ღირს იქმნენ.

36 ხოლო სხუანი ტანჯვითა და გუემითა განიცადნეს; მერმე კუალად ბორკილებითა და საპყრობილებითა;

37 ქვითა განიტჳნნეს; განიხერხნეს; განიცადნეს; სიკუდილითა მახჳლისაჲთა მოსწყდეს; იქცეოდეს ხალენებითა და თხის ტყავებითა ნაკლულევანნი, ჭირვეულნი, ძჳრ-ხილულნი,

38 რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, უდაბნოთა ზედა შეცთომილნი, მთათა და ქუაბთა შინა და ჴურელთა ქუეყანისათა.

39 და ესე ყოველნი იწამნეს სარწმუნოებით და არა მოიღეს აღნათქუემი იგი,

40 რამეთუ ღმერთმან ჩუენთჳს უმჯობესი წინაწარ განიგულა, რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ.

12:1 აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა.

2 და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა.

ლკ. 21:12–19 · დას. 106

მოწ.

21:12 ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.

13 და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.

14 დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.

15 რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.

16 რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.

17 და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.

18 და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.

19 და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.