2 თეს. 1:10 – 2:2 · დას. 274
რიგისა
1:10 რაჟამს მოვიდეს დიდებად შორის წმიდათა მისთა და საკჳრველებად ყოველთა შორის მორწმუნეთა მისთა, რამეთუ სარწმუნო იქმნა წამებაჲ ჩუენი თქუენდა მიმართ მას დღესა შინა,
11 რომლისათჳს ვილოცავთ მარადის თქუენთჳს, რაჲთა ღირს გყვნეს თქუენ ღმერთმან ჩინებისა მის და აღგავსნეს ყოვლითა სათნოებითა სახიერებისაჲთა, საქმითა სარწმუნოებისაჲთა და ძალითა,
12 რაჲთა იდიდოს სახელი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ შორის, და თქუენ მის მიერ, მადლითა მით ღმრთისა ჩუენისაჲთა და უფლისა იესუ ქრისტესითა.
2:1 ხოლო გეტყჳთ თქუენ, ძმანო, მოსლვისა მისთჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა და ჩუენისა შეკრებისათჳს მისა მიმართ,
2 რაჲთა არა ადრე აღიძრნეთ თქუენ გონებითა, არცა შეშფოთნეთ არცა სულითა, არცა სიტყჳთა, არცა წიგნითა, ვითარცა ჩუენ მიერ, ვითარმცა მოწევნულ იყო დღე იგი უფლისაჲ.
ლკ. 19:45–48 · დას. 98
რიგისა
19:45 და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა
46 და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.
47 და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად.
48 და ვერარას ჰპოებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.
ეფ. 6:10–17 · დას. 233
დიდმოწ.
6:10 ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა მისისაჲთა,
11 შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად მანქანებათა მათ ეშმაკისათა.
12 რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა, სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე.
13 ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ.
14 მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ.
15 და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ.
16 ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად;
17 და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ;
ინ. 15:1–7 · დას. 50
დიდმოწ.
15:1 მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი, და მამაჲ ჩემი მოქმედი არს.
2 ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღოს ნაყოფი, განწმიდოს იგი, რაჲთა უფროჲსი ნაყოფი გამოიღოს.
3 ხოლო თქუენ აწვე წმიდა ხართ სიტყჳთა მით, რომელსა გეტყოდე თქუენ.
4 დაადგერით თქუენ ჩემ თანა, და მე თქუენ თანა: ვითარცა-იგი ნასხლევსა ვერ ჴელ-ეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თჳსით, უკუეთუ არა ეგოს ვენაჴსა ზედა, ეგრეთვე არცა თქუენ, უკუეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა.
5 მე ვარ ვენაჴი და თქუენ რტონი. რომელი დაადგრეს ჩემ თანა, და მე მის თანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარაჲ ძალ-გიც ყოფად არცა ერთი.
6 უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმეს, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუას.
7 უკუეთუ დაადგრეთ ჩემ თანა, და სიტყუანი ჩემნი თქუენ თანა ეგნენ, რაჲცა გინდეს, ითხოვეთ, და გეყოს თქუენ.